თამაზ კიღურაძე: განსხვავება გადახედვებს შორის
(განსხვავება არ არის)
|
19:16, 9 მარტი 2024-ის ვერსია
თამაზ ბენედიქტეს ძე კიღურაძე (დ. 28 აპრილი, 1941, თბილისი, — გ. 11 აპრილი, 2002, იქვე) — ქართველი არქეოლოგი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1975).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1966 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილებაში, 1979 წლიდან — მუზეუმის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში.
კიღურაძემ თავის მასწავლებელ ალექსანდრე ჯავახიშვილთან ერთად შეიმუშავა ადრესამიწათმოქმედო გორა-ნამოსახლარების გათხრის მეთოდიკა, რომლითაც ამ ხანის არაერთი ძეგლია შესწავლილი. კიღურაძემ დამოუკიდებლად გათხარა და შეისწავლა ხრამის დიდი გორა; ასევე აღმოაჩინა და შეისწავლა ახალი, მანამდე უცნობი კულტურა, რომელსაც აღმოჩენის ადგილის მიხედვით სიონის კულტურა უწოდა. 1980 წელს მარნეულის რაიონში მიაკვლია ძეგლ დამიგაიას, რომლის წინაისტორიული კედლის მხატვრობა შესრულებულია წითელი საღებავებით, რაც ჯერჯერობით ერთადერთია საქართველოში.
1988 წიდან კიღურაძე რამდენჯერმე მონაწილეობდა ზაარბრიუკენის (გერმანია) უნივერსიტეტის არქეოლოგიურ ექსპედიციაში ნაქალაქარ თელ-ხუერაზე (სირია, პროფ. ვ. ორტმანთან ერთად). ავსტრალიელ არქეოლოგებთან მუშაობდა მელბურნის უნივერსიტეტის ექსპედიციაში ნამოსახლარ სოს-ჰუიუკზე (თურქეთი, პროფ. ა. საგონასთან ერთად). კიღურაძის ხელმძღვანელობის დროს საქართველოს სახელმწ. მუზეუმში საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ფარგლებს გარეთ არქეოლოგიური გამოფენების გამართვის ტრადიციას. მიღებული აქვს სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია (1988).
ბიბლიოგრაფია
- აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის პერიოდიზაცია, თბ., 1976.
- Neolithische Siedlungen von Kvemo Kartli, München, 1986.
ლიტერატურა
- რუსიშვილი რ. კიღურაძე, თამაზ. ენციკლოპედია „საქართველო“ (ვებგვერდი).