ლეონორ ტელესი
ლეონორ ტელესი | |
---|---|
პორტუგალიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 5 მაისი, 1372 |
მმართ. დასასრული: | 22 ოქტომბერი, 1383 |
წინამორბედი: | ბეატრის კასტილიელი |
მემკვიდრე: | ფილიპა ლანკასტერი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1350 |
გარდ. თარიღი: | 1405 |
მეუღლე: | ფერნანდუ I, პორტუგალიის მეფე |
შვილები: | ბეატრიზი, პორტუგალიის დედოფალი |
დინასტია: | მენესესები |
მამა: | მარტინ ალფონსო ტელო დე მენესესი |
დედა: | ალდონკა ინეს დე ვასკონსელოსი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ლეონორ ტელესი (ესპ. Leonor Teles; დ. 1350 — გ. 1405) — ესპანური წარმოშობის პორტუგალიელი დიდგვაროვანი. პორტუგალიის დედოფალი 1372-1383 წლებში როგორც ფერნანდუ I-ის მეუღლე. პორტუგალიის მემკვიდრის კრიზისის დროს 1383-1385 წლებში იგი თავის ძმებთან ერთად იბრძოდა თავისი ქალიშვილის, ბეატრიზის ტახტზე ასაყვანად. ამისათვის თავისი ქალიშვილი კასტილიის მეფე ხუან I-ს მიათხოვა, თუმცა მათი არმიები ალჟუბაროტას ბრძოლაში დაამარცხა მისი ქმრის ნახევარ-ძმა ჟუან I-მა, რის შემდეგაც თავი სიძეს შეაფარა. ხშირად მას ისტორიკოსები მოიხსენიებენ როგორც „პორტუგალიის ლუკრეცია ბორჯია“.
ბიოგრაფია
ლეონორი დაიბადა დაახლოებით 1350 წელს პორტუგალიაში. იგი იყო ადგილობრივი დიდგვაროვნის, მარტინ ალფონსო ტელო დე მენესესისა და მისი ცოლის, ალდონკა ინეს დე ვასკონსელოსის ქალიშვილი. მამამისი წარმოშობით ასტურიისა და ლეონის მეფე ფრუელა II-ის შთამომავალი იყო, ხოლო დედამისი პორტუგალიის მეფე სანშუ I-ის.
1372 წლის 5 მაისს, იგი ცოლად გაჰყვა პორტუგალიის მეფე ფერნანდუ I-ს, რომელთანაც მხოლოდ ერთი გოგონა შეეძინა, სახელად ბეატრიზი. 1383 წელს ფერნანდუ გარდაიცვალა, რის შემდეგაც ლეონორმა ტახტზე ბეატრიზი დასვა, თავად კი მისი რეგენტი გახდა თავის გალისიელ საყვარელ ხუან ფერნანდესთან ერთად, რომელთან ერთადაც სამეფო სასახლეში სრულიად დაუფარავად ცხოვრობდა. დედა-დედოფლის ასეთმა ცხოვრებამ უკმაყოფილება გამოიწვია პორტუგალიელთა ყველა ფენაში. პორტუგალიელ ხალხს სძულდა ლეონორი და ეშინოდათ, რომ იგი დედოფალ ბეატრიზს კასტილიის მეფეზე გაათხოვებდა, რითაც პორტუგალია კასტილიას მიუერთდებოდა, ისევე როგორც თავის დროზე ასტურია, გალისია და ლეონი მიუერთდა.
ლეონორის მაზლი, ავისის ჰერცოგი ჟუანი, რომელიც ფერნანდუ I-ის უკანონო ნახევარ-ძმა იყო, ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. საბოლოოდ დიდგვაროვნების წაქეზებით ჟუანმა ტახტზე განაცხადა პრეტენზია, რასაც ბრძოლის დაწყება მოჰყვა. ლეონორმა თავისი ქალიშვილი სასწრაფოდ დააქორწინა კასტილიის მეფე ხუან I-ზე. იგი იმედოვნებდა, რომ კასტილიელთა ჯარებით შეძლებდა მათ დამარცხებას და რეგენტობის შენარჩუნებას, მაგრამ 1385 წელს ჟუანმა იგი მიწასთან გაასწორა, ჩამოაგდო ბეატრიზი და პორტუგალიის მეფე გახდა ჟუან I-ის სახელით, რასაც მოჰყვა ავისის დინასტიის გამეფება.
დამარცხებული ლეონორი ლისაბონიდან თავის ერთგულ ქალაქში გაიქცა, სადაც მოსახლეობის მხარდაჭერას ელოდა. ქალაქ სანტარაიმში იგი ცდილობდა ჯარი შეეგროვებინა და ტახტი დაებრუნებინა, მაგრამ ხალხი და კასტილიელები განუდგნენ, რის გამოც დედოფალმა ლეონორმა ფარხმალი დაყარა. ამის შემდეგ იგი ქალიშვილთან ერთად სიძის, ხუან I-ის სამეფო კარზე გადასახლდა ვალიადოლიდში, სადაც გაატარა უკანასკნელი წლები და გარდაიცვალა 1405 წელს.
ლიტერატურა
- Castro Toledo, Jonas (1981). Colección Diplomática de Tordesillas (in Spanish). Valladolid: Instituto cultural Simancas. ISBN 84-500-4849-4.
- Fernandes, Fátima Regina. Os exilados castelhanos no reinado de Fernando I de Portugal (in Portuguese). Madrid: Universidad Complutense: Servicio de Publicaciones y Departamento de Historia Medieval: En la España medieval, n° 23. pp. 101–115. ISSN 0214-3038.
- Ferro Tavares, Maria José (2013). Fernando e Leonor: Um Reinado (Mal)dito. Lisboa: Chiado Editora. ISBN 978-989-51-0420-8.
- Oliveira e Costa, João Paulo (2013). Episódios da Monarquia Portuguesa (in Portuguese). Lisbon: Cículos de Leitores e Temas e Debates. ISBN 978-989-644-248-4.
- Olivera Serrano, César (2005). Beatriz de Portugal. La pugna dinástica Avís-Trastámara (PDF) (in Spanish). CSIC. ISBN 9788400083434.
- Pina Baleiras, Isabel de (2013). Uma rainha inesperada: Leonor Teles (in Portuguese). Lisbon: Temas e Debates. ISBN 978-989-644-230-9.
- Rodrigues Oliveira, Ana (2010). Rainhas medievais de Portugal. Dezassete mulheres, duas dinastias, quatro séculos de História (in Portuguese). Lisbon: A esfera dos livros. ISBN 978-989-626-261-7.
|