შინაარსზე გადასვლა

ტოროსი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტოროსი
ტოროსი

ტოროსიზღვების, ტბების, წყალსაცავებისა და მდინარეების ყინულსაფარში წარმოქმნილი ყინულის ნატეხების გროვა, რომელიც ყალიბდება ყინულის ველის გვერდითი წნევის შედეგად და აგრეთვე ფსკერის ნაპირებზე და წყალმარჩხ მონაკვეთებზე. ღია ზღვაში ტოროსის სიმაღლე ზოგჯერ 10 მ-ს აღემატება, ხოლო სანაპირო ნაწილებში 15–20 მ-მდეა.[1]

მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მისი სიმაღლეა 5–10 მ.[2] ტოროსულმა ყინულმა შეიძლება წარმოქმნას სერები, სარტყლები და ბარიერები. ტოროსის სერი ყინულის სწორხაზოვანი გროვაა, რომელიც წარმოიქმნება დრეიფგამყოფში ყინულის შეკუმშვისა და დახვნის შედეგად. ტოროსის სარტყელი ყინულის გროვაა რამდენიმე პარალელური სერის სახით, რომელიც თავის მხრივ, წარმოიქმნება ყინულის მრავალრიცხოვანი შეკუმშვისა და დახვნის შედეგად.[1]

ტოროსის ბარიერი ნაპირის ყინულზე არსებული მძლავრი სერია, რომელიც ადგილ-ადგილ შეიცავს სტამუხებს (ყინულოვანი ტოროსული წარმონაქმნი თავთხელზე), რომელიც მას გრუნტთან აკავშირებს. ტოროსი ყველაზე მეტად განვითარებულია აღმოსავლეთ ციმბირის ზღვასა და ჩუკოტკის ზღვაში, აგრეთვე ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ღია ნაწილებში.[1]

აღსანიშნავია, რომ ნორვეგიელმა მოგზაურმა ოტო სვერდრუპმა კანადის არქტიკულ ნაწილში აღწერა 36 მ სიმაღლის ტოროსები, ხოლო ნიკოლოზ ზუბოვმა ციმბირის სანაპიროს გასწვრივ 50 მ-ზე მაღალი ტოროსები.[3]

გალღობისას გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში ტოროსმა შეიძლება გაცუროს. ყინულსაფრის ტოროსოვნობის ხარისხი ფასდება 5-ბალიანი სკალით (0 ბალი — ყინულის ზედაპირი სწორია, 5 ბალი — ზედაპირი მთლიანად ტოროსებითაა დაფარული).[4][5]

  1. 1.0 1.1 1.2 Торосы | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-01. ციტირების თარიღი: 2021-01-26.
  2. Торос | Научно-популярная энциклопедия «Вода России»
  3. Зубов Н.Н. Льды Арктики. М.: Изд-во Главсевморпути, 1945. 360 с.
  4. География. Современная иллюстрированная энциклопедия. — М.: 2006.
  5. Геокриология. Характеристики и использование вечной мерзлоты, т. 1. 2020