შინაარსზე გადასვლა

მარია ტერეზა სავოიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ტერეზა სავოიელი
დაბადების თარიღი 31 იანვარი, 1756
ტურინი, სარდინიის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 2 ივნისი, 1805, (49 წლის)
გრაცი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია
ეროვნება იტალიელი
წოდება არტუას გრაფინია
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) შარლ ფილიპი, არტუას გრაფი
(ქ. 1773)
შვილ(ებ)ი ლუი ანტუანი, ანჟულემის გრაფი
სოფი, არტუას მადმუაზელი
შარლ ფერდინანდი, ბერის ჰერცოგი
მშობლები მამა: ვიტორიო ამადეო III, სარდინიის მეფე
დედა: მარია ანტონია ფერნანდა ესპანელი
ხელმოწერა

მარია ტერეზა სავოიელი (იტალ. Maria Teresa di Savoia, ფრანგ. Marie Thérèse de Savoie; დ. 31 იანვარი, 1756, ტურინი, სარდინიის სამეფო — გ. 2 ივნისი, 1805, გრაცი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია) — სავოიელთა დინასტიის წარმომადგენელი. სარდინიისა და სავოიის მეფე ვიტორიო ამადეო III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია ანტონია ფერნანდა ესპანელის ქალიშვილი. 1773 წელს ცოლად შერთეს საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის უმცროს შვილიშვილს, არტუას გრაფ შარლ ფილიპს, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა. მისი მაზლის, მეფე ლუი XVI-ის მეფობისას მოხდა საფრანგეთის რევოლუცია, რის გამოც მას ოჯახთან ერთად საფრანგეთის დატოვება და ჯერ სავოიაში, შემდეგ კი ავსტრიაში გადასახლება მოუწია, სადაც გარდაიცვალა კიდეც, 49 წლის ასაკში. მისი გარდაცვალებიდან ცხრამეტ წელიწადში მისი ქმარი შარლ X საფრანგეთის მეფე გახდა.

მარია ტერეზა დაიბადა 1756 წლის 31 იანვარს, სარდინიის სამეფოს დედაქალაქ ტურინის სამეფო სასახლეში. იგი იყო სარდინიის, სავოიისა და პიემონტის მეფე ვიტორიო ამადეო III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ანტონია ფერნანდა ესპანელის ქალიშვილი. მამის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა იყვნენ სარდინიის მეფე კარლო ემანუელე III და მისი ცოლი პოლიქსენა ჰესენ-როტენბურგელი, ხოლო დედის ხაზით მას ბებია-ბაბუად ერგებოდნენ ესპანეთის მეფე ფილიპე V და მისი მეორე ცოლი, დედოფალი ელიზაბეტა ფარნეზე. იგი თავის უამრავ და-ძმასთან ერთად ბედნიერად იზრდებოდა სამეფო სასახლეში. მოგვიანებით იგი, მისი უფროსი და მარია ჯუზეპინა, მათი ბიძაშვილი და ასევე მათი ძმა გამოიყენეს საფრანგეთის სამეფო კართან დინასტიური ქორწინებების გზით დასაახლოვებლად.

პრინცესა მარია ტერეზა

მისმა მამიდებმა, მარია ლუიზა სავოიელმა და ელეონორა სავოიელმა დაგეგმეს ეს ოთხი უდიდესი დინასტიური ქორწინება საფრანგეთ-სარდინიის სამეფო კარებს შორის.

ამ დინასტიური ქორწინებების მიმდინარეობის პერიოდში მარია ტერეზა დანიშნეს საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის უმცროს შვილიშვილზე, არტუას გრაფ შარლ ფილიპზე, რომელიც მანამდე თავისსავე ბიძაშვილზე, კონტის პრინცის ასულ ლუიზა ადელაიდა დე ბურბონზე აპირებდა დაქორწინებას.

მათი ქორწინება იყო ნაწილი, მრავალწლიანი ფრანკო-სავოიური დინასტიური ქორწინებებისა: 1771 წელს მისი ბიძაშვილი მარია ლუიზა ცოლად შერთეს საფრანგეთის მეფის ბიძაშვილს, ლუი ალექსანდერს, პრინც ლამბელს. ამავე წელს მისი და, მარია ჯუზეპინა მიათხოვეს საფრანგეთის მეფის შუათანა შვილიშვილს, პროვანსის გრაფ ლუი სტანისლას. 1773 წელს თავად მარია ტერეზა დაქორწინდა ლუი XV-ის უმცროს შვილიშვილზე, არტუას გრაფ შარლ ფილიპზე. 1775 წელს კი შედგა მისი ძმის, პრინცი კარლო ემანუელეს ქორწინება საფრანგეთის მეფის შვილიშვილ მარი კლოტილდა ფრანგზე. 1774 წელს კი მარია ტერეზას მაზლი, საფრანგეთის დოფინი ლუი ავგუსტი დაქორწინდა ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიას უმცროს ქალიშვილ მარია ანტუანეტა ავსტრიელზე.

მარია ტერეზას მარიონეტული ქორწინება ჯერ სავოიაში, პალაციკა დი კასიაში შედგა, რის შემდეგაც იგი საფრანგეთში გაამგზავრეს. როდესაც საზღვარზე მივიდა ფრანგები შეეგებნენ, რომლებმაც ყველაფერი უკან გაატანეს, ტანსაცმელიც კი. მათ თავად შემოსეს და გამოაწყვეს იგი და ისე წაიყვანეს სამეფო კარზე, რადგან ფრანგული ტრადიციის მიხედვით, სამეფო პატარძალს არაფერი არ უნდა დარჩენოდა, რაც მას უცხო სამეფო კარიდან ჰქონდა წამოღებული. მარია ტერეზა მალევე ჩავიდა სამეფო კარზე, რის შემდეგაც 1773 წლის 16 ნოემბერს მისი და შარლ ფილიპის ნამდვილი ქორწინება შედგა ვერსალში.

ვინაიდან მისი ქმარი საფრანგეთის მეფის შვილიშვილი იყო, ანალოგიური წოდება, ანუ საფრანგეთის შვილიშვილის ტიტულიც ჰქონდა, მასზე ქორწინების შემდეგაც მარია ტერეზაც საფრანგეთის შვილიშვილი გახდა, თუმცა მისი წოდებიდან გამომდინარე (იგი არტუას გრაფინია გახდა) მას ყველა მაინდ მადამ დე არტუას ეძახდა.

მადამ დ’არტუა ქმრის ბიუსტთან და თავისი დედის პორტრეტთან ერთად

მარია ტერეზა აღწერილია როგორც დაბალი, ცუდი ფორმების, მოუხერხებელი და გრძელი ცხვირის მქონე ქალი. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ იყო სილამაზით სახელგანთქმული, მას ჰქონდა საოცარი შინაგანი ქარიზმა, რითაც ყველას მოხიბვლას ახერხებდა. საღვთო რომისა და ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიას ელჩი, გრაფი ფლორიმონდ კლოდი, რომელსაც მარია ტერეზიას ქალიშვილის, დოფინ მარია ანტუანეტასთვის თვალ-ყურის დევნება ევალებოდა, მადამ დე არტუაზე განაცხადა, რომ იგი ძალიან ჩუმი იყო და თითქმის არაფრით არ ინტერესდებოდა. 1777 წელს, როდესაც მარია ანტუანეტს მისი ძმა, იმპერატორი იოზეფ II ეწვია, მან მარია ტერეზაზე განაცხადა:

ვიკიციტატა
„მართალია მას ბავშვების გაჩენა შეუძლია, მაგრამ სხვა ყველა ასპექტში ნამდვილი იდიოტია“

საფრანგეთში ცხოვრების პირველი წლების მანძილზე, არტუას გრაფმა და გრაფინიამ, პროვანსის გრაფმა და გრაფინიამ, საფრანგეთის დოფინმა და მადამ დოფინმა და ასევე პრინცმა და პრინცესა ლამბელებმა ერთმანეთთან ძალიან ახლო, მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობა ჩამოაყალიბეს. ეს დიდი მეგობრულ-ნათესაური წრე დიდი სიამოვნებით დადიოდა წვეულებებზე, თეატრებზე, ოპერასა და ბალეტზე, ასევე ხშირად ერთად ვაშმობდნენ, ნადირობდნენ და სეირნობდნენ. თუმცა მას შემდეგ რაც 1774 წელს ლუი XVI და მარია ანტუანეტა საფრანგეთის მეფე-დედოფალი გახდნენ, ეს წრე თანდათან დაიშალა და საბოლოოდ ერთმანეთის მტერ, მემკვიდრეობისთვის მოცილე ადამიანებად იქცნენ.

ვერსალში ჩასვლიდან მალევე მარია ტერეზამ 1775 წლის 6 აგვისტოს თავისი პირველი ვაჟი გააჩინა, სახელად ლუი ანტუანი. ამით მან სამეფო ოჯახის სხვა ქალებზე დიდი უპირატესობა მოიპოვა, რადგან ვერც დედოფალი მარია ანტუანეტა და ვერც პროვანსის გრაფინია მარია ჯუზეპინა ბავშვებს ვერ აჩენდნენ. ამრიგად ლუი ანტუანი ბურბონთა ახალი თაობის პირველი პრინცი, ანჟულემის ახალი გრაფი და შესაბამისად ტახტის მემკვიდრეც იყო. პროვანსის გრაფინიაც ორჯერ დაფეხმძიმდა, თუმცა ორივეჯერ მოეშალა მუცელი, მაგრამ ეს მაინც ამტკიცებდა იმას, რომ მას შეეძლო ბავშვის გაჩენა, დედოფალი კი რომელიც ჯერ ისევ ქალწული იყო სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. მის რძალს ხომ უკვე ჰყავდა მემკვიდრე და თუ თავადაც არ გააჩენდა ტახტი მათ დარჩებოდათ. ამის შემდეგ მარია ანტუანეტას ყველა უკიდურესად ავიწროვებდა და უშვილოდ მოიხსენიებდა მაგრამ მისი უშვილობის რეალური მიზეზი ის იყო, რომ მეფე მას არც კი ეკარებოდა. 1776 წელს მარია ტერეზამ ქალიშვილი გააჩინა, სახელად სოფი, რომელიც მამამისის, გრაფი დე არტუას გაუთხოვარი მამიდის, პრინცესა სოფი ფრანგის პატივსაცემად დაარქვეს. 1778 წელს მან კიდევ ერთი ვაჟი გააჩინა, სახელად შარლ ფერდინანდი, რომელიც მალევე გამოაცხადეს ბერის ჰერცოგად. 1783 წლის იანვარში მან მეოთხე და უკანასკნელი შვილი, პრინცესაა მარი ტერეზი გააჩინა, რომელიც ამავე წლის ივნისში დაიღუპა. ასევე 1783 წლის დეკემბერში დაიღუპა მისი უფროსი ქალიშვილი სოფიც, შვიდი წლის ასაკში.

გენერალური შტატების მოწვევის შემდეგ მარია ტერეზა და მისი და, მადამ დე პროვანსი საჯარო ლანძღვის ობიექტები გახდნენ. მარია ჯუზეპინას მისი უშვილობისა და ჰომოსექსუალობის, ხოლო მარია ტერეზას მისი "ცილისმწამებლური" ლექსების გამო. ბოროტი ენები იმასაც კი ჭორაობდნენ, რომ მას ბავშვები ქმრისგან კი არა საყვარლისგან ჰყავდა.

გაქცევა და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დევნილობაში მყოფი მადამ დე არტუა

მას შემდეგ რაც 1789 წლის 14 ივლისს ფრანგებმა ბასტილიის ციხე აიღეს, ოფიციალურად დაიწყო საფრანგეთის დიდი რევოლუცია. რევოლუციის დაწყებისთანავე მარია ტერეზამ თავის ქმართან და ვაჟებთან ერთად დაუყოვნებლივ დატოვა საფრანგეთი და თავი მშობლიურ სავოიას შეაფარა. რამდენიმე კვირაში ქმრის გარეშე, ოცდაათ ადამიანთან ერთად იგი ჩუმად გადავიდა საფრანგეთში სადაც გაქცევისას თავისი ძვირფასეულობა დარჩა, რომლის წამოღების შემდეგაც კვლავ სავოიაში ჩავიდა.

1791 წელს სავოიაში დაბრუნებულმა მარია ტერეზამ მთელი თავისი ძვირფასეულობა ძალიან ძვირად გაყიდა, რომლითაც არა მხოლოდ თვითონ, არამედ მისი ქმარი და ვაჟებიც კი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე უზრუნველყოფილად ცხოვრობდნენ. თუმცაღა გრაფმა დე არტუამ უარი განაცხადა ასე ცხოვრებაზე და მაინც დაბრუნდა სამშობლოში, თუმცა ცოლი და შვილები სავოიაში უსაფრთხოდ დატოვა. სწორედ ამ პერიოდში მარია ტერეზას უფროსი ვაჟი ლუი ანტუანი ცოლად ირთავს ლუი XVI-ისა და მარია ანტუანეტას ერთადერთ ქალიშვილ მარი ტერეზ შარლოტა ფრანგს. თუმცაღა საყვარელ მეუღლესთან განშორებამ მადამ დე არტუა იმდენად დაანაღვლიანა, რომ გავრცელებული ინფორმაციით იგი მონაზვნად აღიკვეცა. ყოველივე ამის შემდეგ მის ვაჟებზე მზრუნველობა თავის თავზე აიღო მისმა რძალმა და ამავდროულად მულმა, სარდინიის დედოფალმა მარი კლოტილდა ფრანგმა, რომელიც თავად უშვილო იყო. ასეთი სიკეთის გამო მარია ტერეზა მარი კლოტილდას ყოველთვის დიდად ემადლიერებოდა. მალევე იგი ტურინში შეუერთდა ასევე საფრანგეთიდან გამოქცეულ თავის დასა და სიძეს, პროვანსის გრაფსა და გრაფინიას.

სავოიასა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების უკიდურესად არევამ მისი იქ ყოფნა შეუძლებელი გახადა, რადგან იგი ოფიციალურად სწორედ საფრანგეთის სამეფო ოჯახის წევრი იყო. 1793 წელს მარია ტერეზამ თავის დასთან და სიძესთან ერთად დატოვა სავოია და ავსტრიაში გადასახლდა, სადაც გარდაიცვალა კიდევ 1805 წლის 2 ივნისს, 49 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს ქალაქ გრაცის საიმპერატორო მავზოლეუმში. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში, 1814 წელს საფრანგეთის მეფე სწორედაც მისი სიძე გრაფი დე პროვანსი, ანუ ლუი XVIII გახდა, 1824 წელს მისი უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ კი საფრანგეთის მეფე თვით მარია ტერეზას ქვრივი, მეფე შარლ X გახდა.

  1. ლუი ანტუანი (დ. 6 აგვისტო, 1775 — გ. 3 იანვარი, 1844), საფრანგეთის მეფე ოცი წუთით, ანჟულემის გრაფი, ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ისა და დედოფალ მარია ანტუანეტა ავსტრიელის უფროსი ასული მარი ტერეზ შარლოტა ფრანგი, მაგრამ მათ შვილები არ ჰყოლიათ;
  2. სოფი (დ. 5 აგვისტო, 1776 — გ. 5 დეკემბერი, 1783), მადმუაზელ დ’არტუა, გარდაიცვალა შვიდი წლის ასაკში;
  3. შარლ ფერდინანდი (დ. 24 იანვარი, 1778 — გ. 14 თებერვალი, 1820), ბერის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ნეაპოლისა და სიცილიის მეფის ასული მარია კაროლინა ნეაპოლელი, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი, გარდა ამისა საყვარლებთან ჰყავდა ცხრა შვილი, იგი ოპერიდან სახლში მიმავალ გზაზე მოკლეს აჯანყებულმა პარიზელებმა;
  4. მარი ტერეზი (დ. 6 იანვარი, 1783 — გ. 22 ივნისი, 1783), გარდაიცვალა ჩვილობაში.
  • Fraser, Antonia, Marie Antoinette, The Journey, Anchor Books, (American edition, 2002): in Part One: Madame Antoine, p. 100.
  • Hardy, B. C. (Blanche Christabel), The Princesse de Lamballe; a biography, 1908, Project Gutenberg.
  • Joan Haslip (1991). Marie Antoinette. Stockholm: Norstedts Förlag AB. ISBN 91-1-893802-7.
  • Nagel, Susan. " Marie-Therese, Child of Terror: The Fate of Marie Antoinette's Daughter ". NY: Bloomsbury, 2008. ISBN 1-59691-057-7.
  • Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans (ფრანგულად). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 26.