ლუიზა სავოიელი
ლუიზა სავოიელი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 11 სექტემბერი, 1476 |
გარდაცვალების თარიღი | 22 სექტემბერი, 1531, (55 წლის) |
ეროვნება | იტალიელები |
წოდება | ანგულემის გრაფინია |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | შარლი, ანგულემის გრაფი |
შვილ(ებ)ი |
მარგარიტა, ნავარის დედოფალი ფრანსუა I, საფრანგეთის მეფე |
მშობლები |
მამა: ფილიპო II, სავოიის ჰერცოგი დედა: მარგარიტა დე ბურბონი |
ლუიზა სავოიელი (იტალ. Luisa di Savoia, ფრანგ. Louise de Savoie; დ. 11 სექტემბერი, 1476 — გ. 22 სექტემბერი, 1531) — სავოიელთა დინასტიის წარმომადგენელი. სავოიის ჰერცოგ ფილიპო II-ის ასული. ანგულემის გრაფ შარლ დე ვალუას მეუღლე. იყო ნავარის დედოფალ მარგარიტასა და საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის დედა. 1515, 1525-26 და 1529 წლებში იყო თავისი ვაჟის რეგენტი.
ოჯახი და ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლუიზა სავოიელი დაიბადა 1476 წლის 11 სექტემბერს, სავოიის საჰერცოგოს ქალაქ პონ-დ'აინში. იგი იყო სავოიის ჰერცოგ ფილიპო II-ისა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია მარგარიტა დე ბურბონის პირველი შვილი. მისი უმცროსი ძმა — ფილიბერტო II, მომავალში სავოიის ჰერცოგი გახდა. თუმცა მისი უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ, სავოიის ტახტი ლუიზას ნახევარ-ძმამ, კარლო III-მ დაიკავა.
იმის გამო, რომ ლუიზამ დედა შვიდი წლის ასაკში დაკარგა, მასზე მეურვეობა მისმა ბიცოლამ, ბურბონის ჰერცოგინია ანა დე ვალუამ აიღო, რომელიც საფრანგეთის მეფე ლუი XI-ის უფროსი ასული და თავისი ძმის, მეფე შარლ VIII-ის რეგენტი იყო ლუიზას ბიძასთან, ჰერცოგ პიერ I-თან ერთად. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო და დაუახლოვდა იგი საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-ის ასულ მარგარეტ ავსტრიელს, რომელიც შარლ VIII-ზე იყო დანიშნული. ლუიზა და მარგარეტი სიცოცხლის ბოლომდე საუკეთესო მეგობრებად დარჩნენ, რის გამოც ისინი ერთმანეთს ხშირად სწერდნენ წერილებს.
ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1488 წლის 16 თებერვალს, პარიზში, 11 წლის ლუიზა მიათხოვეს ანგულემის გრაფ შარლ დე ვალუას, რომელიც საფრანგეთის მეფე შარლ V-ის პირდაპირი შთამომავალი და ტახტის ერთ-ერთი მემკვიდრე იყო. თუმცა, მიუხედავად ქორწინებისა, მათ ნამდვილი ცოლ-ქმრული ცხოვრება მაშინ დაიწყეს, როდესაც ლუიზას 15 წელი შეუსრულდა. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, მათ ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ. ცნობილია, რომ ლუიზასა და შარლს ძალიან უყვარდათ კითხვა და ხშირად განიხილავდნენ სხვადასხვა წიგნს.
ვალუას დინასტიის ანგულიმელთა განშტოების უფროსმა შარლმა, გადაწყვიტა საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიდგვაროვანი, ანტუანეტა დე პოლინიაკი დაეახლოვებინა, რის გამოც ანტუანეტა ლუიზას ფრეილინათა რიგში მოაქცია. სწორედ ფრეილინობის პერიოდში დაადგან ანტუანეტას თვალი შარლმა. ისინი მალე საყვარლები გახდნენ და შარლს მასთან ორი ქალიშვილიც შეეძინა. ცნობილია, რომ ანტუანეტამ და ლუიზამ ბავშვები ერთდროულად გააჩინეს და მათი შვილებიც ერთად იზრდებოდნენ. გარდა ამისა, შარლს კიდევ ერთი უკანონო გოგონა ჰყავდა ჟანა დე ლა კონტთან, რომელიც ასევე ანგულემის სასახლეში ცხოვრობდა. მოგვიანებით, ძალზედ კეთილშობილმა ლუიზამ, ხელი შეუწყო, რომ მისი ქმრის უკანონო ქალიშვილები დიდგვაროვან და ღირსეულ ოჯახებში გათხოვილიყვნენ, რისთვისაც ისინი დიდად ემადლიერებოდნენ.
შარლისა და ლუიზას პირველი შვილი დაიბადა 1492 წლის 11 აპრილს. იგი გოგონა იყო და როგორც შარლის, ისევე ლუიზას დედის პატივსაცემად, მას მარგარიტა დაარქვეს (ვინაიდან შარლის დედა მარგარიტა დე როანი, ხოლო ლუიზასი მარგარიტა დე ბურბონი იყო). მათი მეორე და უკანასკნელი შვილი კი 1494 წლის 12 სექტემბერს დაიბადა, იგი ვაჟი იყო და მას ფრანსუა დაარქვეს.
1495 წლის დეკემბერიდან მოყოლებული შარლი ძლიერად ავადმყოფობდა, 1496 წლის 1 იანვარს კი იგი გარდაიცვალა კიდეც.
ქვრივობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]19 წლის ასაკში დაქვრივებულმა ლუიზამ, კატეგორიული უარი განაცხადა მეორე ქორწინებაზე და შვილებს საუკეთესო მომავლის შექმნას დაჰპირდა. პირველი ორი წლის მანძილზე, ლუიზა თავის შვილებთან ერთად კონიაკის სასახლეში ცხოვრობდა. 1498 წელს, უბედური შემთხვევის შედეგად შარლ VIII გარდაიცვალა და ვინაიდან მას შვილები არ ჰყავდა, ტახტზე მისი ბიძაშვილი ლუი XII ორლეანელი ავიდა. ამით ლუიზას ვაჟი ტახტის პირველი მემკვიდრე გახდა, რადგან შვილები არც ლუის ჰყავდა. ასეთი მაღალი სტატუსის გამო, ლუიზა და მისი შვილები ლუი XII-მ სამეფო კარზე გადაიყვანა საცხოვრებლად.
ლუიზამ კარგად იცოდა ყველა პოლიტიკური და დიპლომატიური ხრიკი, რაც მან ჯერ კიდევ სავოიაში შეისწავლა. იგი ასევე დიდად აფასებდა რენესანსულ იტალიაში მიღწეულ წარმატებებს ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში. მან თავისი შვილები იტალიური რენესანსის სულისკვეთებით აღზარდა (ამიტომაც იყო, რომ ფრანსუა I-ს ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა იტალიური კულტურისადმი). ლუიზამ, სპეციალურად მათთვის ჩამოატანინა საუკეთესო წიგნები და გარდა უამრავი სხვა რამისა, იგი მათ იტალიურ, ლათინურ და ესპანურ ენებსაც ასწავლიდა.
როდესაც 1505 წელს ლუი XII-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად შეირყა, ლუიზა მიხვდა, რომ მომავალი მეფე სწორედ მისი ვაჟი იქნებოდა, რადგან მეფესა და დედოფალ ანა ბრეტონელს მხოლოდ ერთი ქალიშვილი ჰყავდათ, ფრანგული სამართალი კი ტახტზე ქალის ასვლას კრძალავდა. საბოლოოდ, ლუიზამ იმდენს მიაღწია, რომ 1514 წლის 8 მაისს, მისი ვაჟი ფრანსუა დაქორწინდა საფრანგეთის მეფე ლუი XII-ის უფროს ასულ კლაუდია დე ვალუაზე. ამის შემდეგ, ლუიმ ფრანსუა უკვე ოფიციალურად დაასახელა თავისი ტახტის მემკვიდრედ.
დედა-დედოფალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1515 წლის 1 იანვარს, საფრანგეთის მეფე ლუი XII-ის გარდაცვალების შემდეგ, მეფე ლუიზას ვაჟი, ფრანსუა I ხდება, დედოფალი კი განსვენებული ლუის ასული კლაუდია დე ვალუა. 1515 წლის 4 თებერვალს ლუიზას ანგულემის ჰერცოგინიის, ხოლო 1524 წლის 15 აპრილს ანჟუს ჰერცოგინიის წოდება მიენიჭა.
ბურბონთა მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვინაიდან ლუიზას დედა, ბურბონის ჰერცოგთა პირდაპირი შთამომავალი იყო, 1521 წელს ბურბონის ჰერცოგინია სიუზენის გარდაცვალების შემდეგ, ცხადია ლუიზამ პრეტენზია განაცხადა მათ მფლობელობაში შემავალ ოვერნის საჰერცოგოსა და რამდენიმე სასახლეზე. ამან გამოიწვია განსვენებული სიუზენის ქმრის, ბურბონის ჰერცოგ შარლ III-ის შეურაცხყოფა და განრისხება. საბოლოოდ ლუიზას გამარჯვებამ, შარლს შურისძიებისა და მეფის ხელისუფლების შერყევისაკენ უბიძგა, რაც მისი საფრანგეთიდან გაძევების მიზეზად იქცა. შარლი 1527 წელს უშვილოდ დაიღუპა, მის მიწებსა და ქონებას კი ლუიზა დაეპატრონა. ლუიზამ დაიმორჩილა ოვერნის საჰერცოგო და მისი მართვა თავად დაიწყო.
რეგენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლუიზა სავოიელი, პოლიტიკურად მეტად აქტიური ქალბატონი იყო, რაც თავისი ვაჟის გამეფებისთანავე გამოამჟღავნა. 1515 წელს, როდესაც ფრანსუა იტალიურ ომებში იყო წასული, ლუიზა საფრანგეთის რეგენტად დაინიშნა. ხოლო როცა 1525-26 წლებში ესპანეთის მეფე კარლოს I-მა ფრანსუა ტყვედ ჩაიგდო, რენგეტი ისევ ლუიზა გახდა.
1524 წელს ლუიზას ბრძანებით დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები ინგლისთან, რომელიც ორ წელს გაიწელა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება დაიდო და მშვიდობა დამყარდა.
ასევე ლუიზამ დაიწყო მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება ოსმალეთის იმპერიასთან, რაც შემდგომში მრავალსაუკუნოვან საფრანგეთ-ოსმალეთის ალიანსში გადაიზარდა. ლუიზას მიერ პირველად გაგზავნილი მისია ბოსნიაში დაიკარგა და სულთანამდე ვერ მიაღწია. 1525 წლის დეკემბერში მისი ბრძანებით მეორე მისია დაიძრა სტამბოლისაკენ. მისიონერებმა ოსმალეთის სულთან სულეიმან I-ს საიდუმლო წერილი გადასცეს, სადაც დედოფალი ლუიზა მას ფრანსუას ესპანური ტყვეობიდან დახსნაში დახმარებას სთხოვდა. ჰაბსბურგები ფრანგების გარდა, ოსმალთა დაუძინებელი მტრებიც იყვნენ, რამაც განაპირობა საფრანგეთ-ოსმალეთის უდიდესი ალიანსი. სულთნის საპასუხო წერილი პარიზში 1526 წლის 6 თებერვალს ჩავიდა.
ასევე დედოფალი ლუიზა ასრულებდა ძალიან მნიშვნელოვან როლს 1530 წლის 3 აგვისტოს, საფრანგეთსა და ჰაბსბურგებს შორის დადებული საზავო ხელშეკრულების დროს მოლაპარაკებებში. ეს ცნობილია, როგორც "ქალბატონების მშვიდობა", რადგან სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმებული იყო ქალების მიერ: საფრანგეთს ლუიზა სავოიელი წარმოადგენდა, ხოლო ჰაბსბურგებს მისი ძველი მეგობარი მარგარეტ ავსტრიელი. ამ ხელშეკრულებამ, დროებით დაადასტურა ჰაბსბურგთა ჰეგემონია იტალიაში.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლუიზა სავოიელი გარდაიცვალა 1531 წლის 22 სექტემბერს, 55 წლის ასაკში, გრეს-სურ-ლუანში. იგი დაკრძალეს პარიზის სენ-დენის ბაზილიკაში. მისი გარდაცვალების შემდეგ, ოვერნის საჰერცოგო მის ქალიშვილ მარგარიტას გადაეცა, მის შემდეგ მის ქალიშვილ ჟანა დ'ალბრეს მის შემდეგ კი მის ვაჟ ანრი IV-ს, რომელმაც საფრანგეთში ბურბონთა დინასტია გაამეფა და ოვერნი სამეფო დომენს მიუერთა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Hacket, Francis (1937). Francis the First. Garden City, New York: Doubleday, Doran and Company, Inc. ASIN B001DW6NR8.
- Jansen, Sharon L. (2002). The Monstrous Regiment of Women: Female Rulers in Early Modern Europe. Palgrave Macmillan. p. 182.
- Knecht, R.J. (1982). Francis I. Cambridge University Press.
|