შინაარსზე გადასვლა

გეოგრაფიული დეტერმინიზმი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გეოგრაფიული დეტერმინიზმი (ლათ. determino — განვსაზღვრავ) — მსოფლმხედველობითი კონცეფცია, რომელიც მსოფლიოს ხალხებისა და ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ხსნის გეოგრაფიული ფაქტორებით — გეოგრაფიული მდებარეობით, რელიეფით, კლიმატით, წყლის, ნიადაგურ-მცენარეული და მინერალური რესურსებით. საზოგადოების სრულყოფილი განვითარება მხოლოდ ხელსაყრელ გეოგრაფიულ პირობებში ხდება. ამიტომ ის ხალხები და ქვეყნები დაწინაურდნენ, სადაც კარგი ბუნებრივი პირობები იყო (კერძოდ, ზომიერი და სუბტროპიკული სარტყლები). ცივ და ცხელ კლიმატურ სარტყლებში კი მოსახლეობა პრიმიტიულ დონეზე დარჩა.[1]

გეოგრაფიული დეტერმინიზმის ელემენტები გვხვდება ჯერ კიდევ ანტიკური ავტორების შრომებში, თუმცა როგორც შეხედულებების ერთიანი კონცეფცია დეტერმინიზმი ჩამოყალიბდა შარლ ლუი დე მონტესკიეს, ჰენრის ტომას ბოკლის, ფრიდრიხ რატცელის, გიორგი პლეხანოვისა და სხვათა შრომებში XVIII-XIX საუკუნეებში, სადაც გეოგრაფიული დეტერმინიზმის პოზიციიდან აიხსნებოდა სხვადასხვა სახელმწიფოებში მმართველობის ფორმა, ეკონომიკური განვითარების თავისებურებები, წარმატებები მეურნეობის მოდერნიზაციაში, გეოპოლიტიკური მდგომარეობა, სამხედრო შეტაკებების მიზეზები და სხვა. მაგალითად, მონტესკიე თვლიდა, რომ ჭეშმარიტი დემოკრატია შესაძლებელია მხოლოდ პატარა ქვეყნებში, საშუალო ქვეყნებისთვის გამოსადეგია მონარქია, ხოლო დიდი ქვეყნები დესპოტიზმისთვისაა განწირული. ამის საფუძველზე შეიქმნა ფედერალიზმისა და ძალაუფლების გაყოფის კონცეფციები. შემდგომში, ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში განსაკუთრებული როლი ეკავა კლიმატურ პირობებს. თავიანთ შრომებში ჰელფორდ ჯონ მაკინდერმა, ალბრეხტ პენკმა, ელსუორთ ჰანტინგტონმა და სხვებმა დასავლეთი ევროპისა და ჩრდილოეთი ამერიკის ქვეყნების ეკონომიკურ და სამხედრო წარმატებებს ხსნიდნენ მათ კლიმატზე ატლანტიკისა და გოლფსტრიმის სასიკეთო გავლენით; აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების უმეტესობის ეკონომიკურ ჩამორჩენილობას და კოლონიალურ დამოკიდებულებას კი ტროპიკული და ეკვატორული კლიმატის უარყოფითი გავლენით.[2]

იმპერიალიზმის განვითარების ეპოქაში გეოგრაფიულმა დეტერმინიზმა საფუძველი დაუდო რეაქციულ გეოპოლიტიკას. რეაქციული გეოპოლიტიკის იდეის მამამთავარი იყო გერმანელი მეცნიერი ფრიდრიხ რატცელი, რომელმაც სახელმწიფო ცოცხალ ორგანიზმად მიიჩნია.[1] ამჟამად, გეოგრაფიულმა დეტერმინიზმა დაკარგა თავისი პოზიციები და გამოიყენება როგორც სამუშაო კონცეფცია ქვეყნებისა და რაიონების ეკონომიკური განვითარების რეგულირებისათვის.