ეკონომიკური უსაფრთხოება
ეკონომიკური უსაფრთხოება — ღონისძიებათა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეროვნული ეკონომიკური სისტემის დამოუკიდებლობას, თვითმყოფადობას, მის განვითარებას, საშინაო და საგარეო მუქარების აღკვეთას, წინასწარი ზომების მიღებას მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
სახელმწიფოს მუდმივი და უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა ზრუნვა ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე. უსაფრთხოების პრობლემა მსოფლიოში წარმოიშვა სახელმწიფოს შექმნისთანავე. ძველი დროის მოაზროვნეები თავიანთ ტრაქტატებში დიდ ყურადღებას უთმობდნენ უსაფრთხოების პრობლემას. ცნება ეკონომიკური უსაფრთხოება გამომდინარეობს უსაფრთხოების უფრო ფართო კატეგორიიდან, რომელიც საკმაოდ რთული და მრავალწახნაგოვანი შინაარსის შემცველია. იგი აერთიანებს პოლიტიკურ უსაფრთხოებას, სოციალურ უსაფრთხოებას და ეკონომიკურ უსაფრთხოებას.
„უსაფრთხოების“ ტერმინის გამოყენება დაიწყო დაახლოებით XII საუკუნიდან და ნიშნავდა ადამიანის მშვიდ სულიერ მდგომარეობას, მის დაცულობას ნებისმიერი საფრთხისაგან. თუმცა ამ შინაარსით იგი არ დაინერგა ლექსიკაში და ძალიან იშვიათად გამოიყენებოდა. შემდგომში შემოღებულ იქნა ტერმინი "სახელმწიფო უსაფრთხოება", რაც გულისხმობდა ბრძოლას სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად. მოგვიანებით კატეგორია „უსაფრთხოება“ დაიყო ცალკეულ მიმართულებებად, რომელსაც გამოეყო ეკონომიკური უსაფრთხოების კატეგორია. იგი ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ეტაპზე მთელ მსოფლიოში.
ეკონომიკური უსაფრთხოება ემყარება შემდეგ ძირითად პრინციპებს: განვითარების ისტორიული გამოწვევებისა და მუქარების გათვალისწინება; გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნებისა და ინტერესების განსაზღვრა; ადამიანის, საზოგადოების, სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების დაცვა; ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების თავსებადობა. აქედან გამომდინარე, მისი უმნიშვნელოვანესი ეკონ. ინტერესია მოსახლეობის კეთილდღეობისა და ცხოვრების დონის ამაღლება; ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა; ერთიანი ეკონომიკური სივრცის შენარჩუნება; ეკონომიკური ეფექტიანობისა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება; სახელმწიფოს ინტეგრაცია მსოფლიო ეკონომიკაში; ეკონომიკის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების მიღწევა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩიკვაიძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 608-609.