ენერგეტიკა
ენერგეტიკა — ეკონომიკის საბაზისო დარგი, რომელიც დაკავშირებულია ბუნებრივი ენერგეტიკული რესურსების გამოყენების შედეგად მიღებული სხვადასხვა სახის ენერგიის გარდაქმნასთან, განაწილებასა და გამოყენებასთან.
ენერგეტიკა რთული საწარმოო-ეკონომიკური სისტემაა. სამეურნეო კომპლექსში იგი წარმოადგენს მრეწველობის ორი დარგის — ელექტროენერგეტიკისა და სათბობის მრეწველობის ერთობლიობას. მასში შედის ის საწარმოები, რომლებიც ეკონომიკას უზრუნველყოფენ ყველა სახის ენერგიით და, ნაწილობრივ, ტექნოლოგიური ნედლეულით, აგრეთვე სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მომპოვებელი, გამამდიდრებელი, გადამმუშავებელი, გარდამქმნელი, შემნახველი, ტრანსპორტირებისა და გამომყენებელი საწარმოები. ენერგეტიკა უდიდეს გავლენას ახდენს ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ფორმირებასა და საზოგადოების წარმოების ეფექტიანობაზე. მეურნეობაში ენერგეტიკის მნიშვნელოვანი როლი განისაზღვრება იმ გარემოებით, რომ ნებისმიერი საწარმოო პროცესი მრეწველობის ყველა დარგში, სოფლის მეურნეობაში, ტრანსპორტზე, მოსახლეობის მომსახურების ყველა სფეროში და ა. შ. დაკავშირებულია ენერგიის მზარდ გამოყენებასთან, ხოლო საზოგადოების შრომის ნაყოფიერების ზრდის ძირითადი მატერიალური საფუძველია შრომის ელექტრო და ენერგოაღჭურვილობა. ენერგეტიკის განვითარების დონე დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის საწარმოო ძალების დინამიკასა და განლაგებაზე, ქმნის აუცილებელ წანამძღვრებს ცხოვრების დონის ამაღლებისა და შრომის პირობების გასაუმჯობესებლად. მისი განვითარების ტემპები და მასშტაბები განმსაზღვრელ გავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის საბოლოო შედეგებზე.
საქართველოში ენერგეტიკა წარმოდგენილია თითქმის ყველა ძირითადი ქვედარგით (თბოენერგეტიკა, ჰიდროენერგეტიკა, ელექტრული და თბოქსელები, ნავთობმომპოვებელი, ნავთობგადამმუშავებელი და ნახშირის მრეწველობა, თერმული წყლები). უკანასკნელ წლებში მიმდინარეობს სამუშაოები ქარისა და მზის ენერგიის გამოსაყენებლად. 1961-1990 წლებში საქართველოს ენერგეტიკის პროდუქცია 1.4-ჯერ გაიზარდა; ზრდა დაახლოებით თანაბარი იყო პირველსა და მეორე ათწლეულში, მესამეში კი - მკვეთრად დაეცა.
1991-1995 წლებში საქართველოს ენერგეტიკა მწვავე კრიზისმა მოიცვა. მინიმუმამდე დაეცა ყველა ენერგორესურსის წარმოება, ელექტროენერგიის გამომუშავება 2-ჯერ და მეტად შემცირდა, ნავთობისა და ნახშირის მოპოვება, შესაბამისად — 4.4-ჯერ და 22.4-ჯერ, ნავთობის გადამუშავება — 60.0-ჯერ, თანამდევი გაზის მოპოვება 18.2-ჯერ. 1995 წლიდან, განსაკუთრებით 2006 წლიდან, შეიმჩნევა წარმოების ერთგვარი ზრდა. კერძოდ, 2006 წელთან შედარებით 2013 წელს ელექტროენერგიის გამომუშავება გაიზარდა 32.9%-ით, ქვანახშირის მოპოვება - 38.9-ჯერ. რაც შეეხება ნავთობის მოპოვებას, იგი 50-60 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს, თუმცა აღნიშნულ პერიოდში მისი მოპოვება 25.2%-ით შემცირდა.
საქართველოს ტერიტორიაზე მეტ-ნაკლები ოდენობით გვხვდება ენერგეტიკული რესურსების თითქმის ყველა სახეობა: ჰიდროენერგორესურსები, ქვანახშირი, მურა ნახშირი, ტორფი, ნავთობი, თანამდევი გაზი, თერმული წყლები; აწარმოებენ აგრეთვე ნავთობპროდუქტებს. საქართველოს ტრადიციულ ენერგეტიკულ რესურსებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიდროენერგორესურსები, ნახშირი და ნავთობი. საქართველოში დიდი და საშუალო სიდიდის მდინარეთა თეორიული ჰიდროენერგორესურსები დაახლოებით 136 მლრდ. კვტ.სთ, ტექნიკური ჰიდროენერგეტიკული რესურსები — 68 მლრდ. კვტ.სთ, ხოლო ეკონომიური ჰიდრორესურსები (განვითარების თანამედროვე ეტაპზე გამოყენებისათვის ეკონომიკურად მიზანშეწონილი) — 32 მლრდ. კვტ.სთ-ია. საქართველოში აღრიცხული 319 მდინარის ტექნიკური ჰიდროენერგორესურსების 40% რვა მდინარეზე მოდის (მტკვარი, რიონი, ენგური, ცხენისწყალი, კოდორი, ბზიფი, ხრამი და არაგვი), რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ჰიდროენერგომშენებლობისათვის.
ჰიდროენერგეტიკულ მშენებლობაში თანამედროვე მიღწევათა გამოყენებით საქართველოს მდინარეებზე შეიძლება აიგოს ათეულობით მსხვილი და საშუალო სიდიდის ჰიდროელექტროსადგური. მიუხედავად ამისა, საქართველო ჰიდროენერგორესურსების გამოყენების დონე დაბალია. 1989 წელში ჰიდროელექტროსადგურებმა 8787 მლნ. კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც ჰიდრორესურსების ტექნიკური შესაძლებლობის მხოლოდ 13% და ეკონომიური ჰიდრორესურსების 27.5%-ს შეადგენდა. 2005 წელს ეს მაჩვენებელი შესაბამისად 8.9% და 19.0%-მდე შემცირდა, ხოლო 2013 წელს კი გაიზარდა 12.0 და 25.5%-მდე.
საქართველო განსაკუთრებით მდიდარია შედარებით პატარა მდინარეებით. მათი ტექნიკური პოტენციალი წლიურად დაახლოებით 12.3 მლრდ. კვტ.სთ შეადგენს.
საქართველოს ტერიტორიაზე ნახშირის რამდენიმე საბადოა, მათგან მხოლოდ სამს — ტყიბულ-შაორის, ტყვარჩელის ქვანახშირისა და ახალციხის მურა ნახშირის საბადოებს აქვს სამრეწველო მნიშვნელობა. ქვეყნის ნახშირის მარაგის ძირითადი ნაწილი (ნახშირის საბალანსო მარაგის 80.2%) განლაგებულია ტყიბულ-შაორის საბადოში, ახალციხის საბადოში — 15.7%, ტყვარჩელის საბადოში — 4.1%.
XXI საუკუნის დამდეგს საქართველოში აღრიცხული იყო ნავთობის 15 საბადო (მათი საბალანსო B+C კატეგორიის ამოსაღები მარაგი 36 მლნ. ტონა შეადგენს, სადაც B უკეთესად დაძიებული მარაგია, C - შედარებით ნაკლებად შესწავლილი), აქედან 13 წვრილ საბადოთა კატეგორიას მიეკუთვნება. შედარებით მსხვილია სამგორ-პატარძეულის საბადო, საშუალოა დასავლეთ რუსთავის საბადო.
ქვეყნის ტერიტორიის ჰიდროგეოლოგიური შესწავლის თანამედროვე ეტაპზე საქართველოში თერმული წყლების საერთო პროგნოზული მარაგი (წყლის ტემპერატურა 50-70°C) 250 მლნ. მ³ შეადგენს, მზის ენერგიის თეორიული ოდენობა წლის განმავლობაში 10¹⁴ კვტ.სთ აღწევს, ქარის ენერგიის მარაგი კი — 1.3·10¹² კვტ.სთ. 1990 წლამდე ენერგეტიკული რესურსების მოხმარების ზრდის ტენდენცია შეიმჩნეოდა. 1990 წლიდან 2007 წლამდე კი სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მოხმარების დონე მკვეთრად დაეცა. ქვეყნის მოთხოვნა ძირითადად შემოტანილი ენერგეტ. რესურსების ხარჯზე კმაყოფილდებოდა. მდგომარეობა გაუმჯობესდა 2007 წლიდან. კერძოდ, ადგილობრივ რესურსებით დაკმაყოფილების დონე 2005 წელს 39.8% იყო; 2010 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 50.3%-მდე გაიზარდა, თუმცა 2013 წელს იგი კვლავ შემცირდა 37.1%-მდე.
ხორციელდება ღონისძიებები ენერგეტიკული სიმძლავრეების რეაბილიტაციისათვის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩომახიძე დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 6-7.