შინაარსზე გადასვლა

ვახტანგ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვახტანგი.
ვახტანგ II
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1289
მმართ. დასასრული: 1292
წინამორბედი: დემეტრე II
მემკვიდრე: დავით VIII
გარდ. თარიღი: 1292[1][2]
მეუღლე: ოლჯათი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: დავით VI ნარინი

ვახტანგ II (გ. 1292) — აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1289-1292 წლებში, აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფე დავით VI ნარინის ძე.

ვახტანგი, დემეტრე II-ის სიკვდილით დასჯის შემდეგ, მეფედ დასვა არღუნ ყაენმა ხუტლუბუღას რჩევით იმ ანგარიშით, რომ ამ გზით მონღოლთა მფლობელობაში გაერთიანდებოდა ლიხსიქითა საქართველოც. ვახტანგმა მტკიცედ აიღო ხელში ქვეყნის მმართველობა და ხუტლუბუღას თვითნებობის უფლება არ მისცა, ამის გამო მათ შორის მტრობა ჩამოვარდა. ხუტლუბუღამ ვახტანგს დემეტრე II-ის ვაჟი დავითი (შემდგომში დავით VIII) დაუპირისპირა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ვახტანგ II მოულოდნელად გარდაიცვალა. დაკრძალულია გელათში.

ვახტანგი ისტორიულ წყაროებში პირველად იხსენიება 1287-1288 წლებში, როდესაც ის დავითის ნარინის მიერ ზარადხანის უხუცეს ვახტანგ თულაისძისათვის ბოძებულ წყალობის წიგნს ამტკიცებს (ხეც Hd-01331). დოკუმენტში ვახტანგი „მეფედ“ იხსენიება, რაც, ჩანს, თანამოსაყდრეობაზე მიუთითებს. საბუთი შედგენილია ვახტანგის მეფობის მე-10 ინდიკტიონს, საიდანაც ირკვევა მისი დავითის თანამოსაყდრედ კურთხევის თარიღი — 1279 წელი.

ჟამთააღმწერლის მიხედვით, ვახტანგის აღმზრდელი ყოფილა მწიგნობარი ვინმე ფარსმანის შვილი. დემეტრე II-ის ურდოში დაღუპვის შემდეგ, ვახტანგი აღმოსავლეთ საქართველოს ტახტზე არღუნ-ყაენმა ხუტლუბუღას (სადუნ მანკაბერდელის ძე) რჩევით აირჩია, რასაც საქართველოს ორივე სამეფოს ყაენის მორჩილებაში ყოფნა უნდა მოჰყოლოდა („მოვიყვანო შვილი აფხაზთა მეფისა დავითის, სახელით ვახტანგ, და მას მიუბოძე მეფობა, რომელ ორივე სამეფო ბრძანებასა შენსა მორჩილებდეს“). ხუტლუბუღა იმერეთში გადავიდა და დავითს ვახტანგის აღმოსავლეთ საქართველოში გამეფება შესთავაზა. დავითმა შვილი ჯარით გამოაცილა ტასისკარამდე. ქვიშხეთის მინდორზე ვახტანგს ქართველი და მონღოლი დიდებულები მიეგებნენ და ერთგულება შეჰფიცეს. ამის შემდეგ დავით მეფე ქუთაისში დაბრუნდა, ვახტანგი კი არღუნ ყაენთან წარსადგენად და დასამტკიცებლად წაიყვანეს.

ყაენმა ვახტანგს „მოსცა მეფობა ყოვლისა საქართველოსი“ და ცოლად თავისი და ოლჯათი შერთო. თბილისს მობრუნებული ვახტანგს „დაადგეს გჳრგჳნი მეფობისა თავსა მისსა, და დასუეს ტახტსა სამეფოსა, და აღასრულეს წესი კურთხევისა. და დაიპყრა ყოველი საქართველო ნიკოფსით დარუბანდამდე“. მის ხელისუფლებას მხოლოდ ყაენის უშუალო ვასალი — სამცხის მთავარი ბექა ჯაყელ-ციხისჯვრელი არ ემორჩილებოდა. მემატიანის დახასიათებით, ვახტანგი იყო „პატიოსანი, ღმრთისმოყუარე, ტკბილი და მოსამართლე, ახოვანი და მჴნე, და სამჴედროთა ზნითა აღვსავსე“.

ვახტანგის გამეფებაში შეტანილი წვლილის სანაცვლოდ ხუტლუბუღამ ათაბაგობა და ამირსპასალარობა მიიღო, თუმცა მალე მან სცადა ესარგებლა ვახტანგის მფარველის, არღუნ-ყაენის მძიმე ავადმყოფობით და მეფედ დემეტრე II-ის უფროსი ვაჟის, დავითის დასმა მოინდომა. საქართველოს დიდებულებმა და მონღოლმა ნოინებმა მხარი ვახტანგს დაუჭირეს. ხუტლუბუღამ თავისი მიზნის განხორციელება ვერც არღუნის გარდაცვალების (1291) შემდეგ შეძლო. ახალი ყაენი ქეღათუც ვახტანგის მიმართ კეთილგანწყობილი იყო. ამრიგად, ვახტანგს კვლავაც „მტკიცედ ეპყრა მეფობა“, დავითს კი მხოლოდ „ადგილ-ადგილ სოფელნი და ქუეყანა“ ერგო.

ვახტანგი სამწლიანი მეფობის შემდეგ, სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. უდროოდ გარდაცვლილი ვახტანგი დასავლეთ საქართველოში წაასვენეს და გელათის მონასტერში დაკრძალეს. მისი სიკვდილი უგლოვია დავით დემეტრეს ძესაც, რომელსაც ყაენმა საქართველოს მეფობა დაუმტკიცა და ვახტანგის ქვრივი ოლჯათი შერთო ცოლად.

  • ასათიანი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 224.
  • მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი (2007). საქართველოს მეფეები. თბილისი: ნეკერი. ISBN 99928-58-36-2. 
  • მ. ლორთქიფანიძე, ო. ჯაფარიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი (2012). საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. III — საქართველოს ისტორია XIII საუკუნიდან XIX საუკუნემდე. თბილისი: პალიტრა L. ISBN 978-9941-19-586-0. 
  • ივანე ჯავახიშვილი (2012). ქართველი ერის ისტორია ხუთ ტომად, ტ. III. თბილისი: პალიტრა L. ISBN 978-9941-19-789-5. 
  • პირთა ანოტირებული ლექსიკონი, XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, ტ. I, გამოსაცემად მოამზადეს: დ. კლდიაშვილმა, მ. სურგულაძემ, ე. ცაგარეიშვილმა, გ. ჯანდიერმა, თბ., 1991. — გვ. 293.
  • ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თ. ენუქიძემ, ვ. სილოგავამ, ნ. შოშიაშვილმა, თბ., 1989. — გვ. 180-182.
ვახტანგ II
დაიბადა:  ? გარდაიცვალა: 1292
წინამორბედი:
დემეტრე II თავდადებული
   საქართველოს მეფე   
1289–1292
შემდეგი:
დავით VIII