ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები
ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
cyanophyta | ||||||||||
|
ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები, ციანობაქტერიები (ლათ. Cyanophyta) — ბაქტერიათა განყოფილება (ტიპი). ერთუჯრედიანი, კოლონიური და მრავალუჯრედიანი (ძაფნაირი), უმეტესად მიკროსკოპული ფორმებია; განეკუთვნებიან პროკარიოტებს. მოლურჯო-მწვანე ფერი აქვთ, თუმცა გვხვდება მოყვითალო-მწვანედ, ვარდისფრად, იისფრად, ზოგჯერ შავად შეფერილი ფორმებიც. მორფოლოგიურად ჩამოყალიბებული ბირთვი და ქლოროპლასტი ციანობაქტერიებს არ აქვთ. პლანქტონურ სახეობებს აქვთ. ე. წ. გაზის ვაკუოლები - პროტოპლასტში გაზით ამოვსებული სივრცეები. მრავალდებიან დაყოფით (ერთუჯრედიანები), ჰორმოგონიუმებით - ძაფის ფრაგმენტებით (მრავალუჯრედიანები) და სხვადასხვა სახის სპორებით. სქესობრივი გამრავლება და მოძრავი შოლტიანი სტადიები განვითარების ციკლში არ აქვთ.
ციანობაქტერიები აერთიანებს 2000-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია მტკნარ წყლებსა და ზღვებში. ცხოვრობენ ნიადაგზე და ნიადაგში, თოვლზე, ნესტიან ადგილებსა და ცხელ წყაროებში, ზოგი ლიქენების კომპონენტია. პლანქტონური ფორმები ინტენსიური გამრავლებისას იწვევენ „წყლის ყვავილობას“ და სასმელად უვარგისს ხდიან წყალს. იწვევენ აგრეთვე წყალსადენი ფილტრების დაცობას და თევზის სიკვდილს; ზოგჯერ წყალსაცავში ქმნიან კუნძულებსაც კი. სხვა ბაქტერიებთან ერთად ციანობაქტერიებიც მონაწილეობენ სამკურნალო ტალახის შექმნაში, ახდენენ ნიადაგში ატმოსფერული აზოტის ფიქსაციას. ნიადაგზე მცხოვრები ციანობაქტერიები მონაწილეობენ ნიადაგთწარმოქმნის პროცესში.
თანამედროვე მეცნიერებში არ არის მიღებული ტერმინი ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები და იყენებენ მხოლოდ ტერმინ ციანობაქტერიას, რადგან ზოგადად წყალმცენარეები ეუკარიოტები არიან და რადიკალურად განსხვავებული სახეობაა.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნ. ა. კომარნიცი, ლ. ვ. კუდრიშოვი, ა. ა. ურანოვი, „მცენარეთა სისტემატიკა“, გვ. 39, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 1973
- ყანჩაველი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 315.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Allaby, M, ed. (1992). „Algae“. The Concise Dictionary of Botany. Oxford: Oxford University Press.