მალაკნები
მალაკნები (რუს. Молокане) — რუსეთში აღმოცენებული ერთ-ერთი ქრისტიანული მოძრაობა და ეთნოგრაფიული ჯგუფი, ჩამოყალიბდა დუხობორების წიაღში, მათთან დაპირისპირების შედეგად. ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის ბოლოს ტამბოვის გუბერნიაში და შემდეგ გავრცელდა ქვეყნის სხვა რაიონებში. სექტის დამაარსებლად ითვლება სემიონ უკლეინი. გამოირჩევა ბიბლიის ტექსტის სიმბოლური და ელგორიული გააზრებით და ებრაული დამუსლიმური წარმომავლობის ჩვეულებებით. მალაკნების კომპაქტური დასახლებები რუსეთის გარდა არსებობს კავკასიაში, აშშ-სა და ბრაზილიაში. მათი საერთო დაუზუსტებელი რაოდენობა მილიონ ადამიანამდეა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მალაკნებს სახელი ეწოდათ ერთი ვერსიით იმის გამო, რომ ისინი მარხვის დროს სვამდნენ რძეს. მეორე ვერსია ამ სახელს უკავშირებს მდინარე მოლოჩნაიას, რომლის ნაპირას ცხოვრობდნენ მალაკნები.
1760-იან წლების ბოლოს ტამბოვის გუბერნიაში დუხობორების თემის წევრმა თერძმა სემიონ უკლეინმა ჩამოაყალიბა დუხობორებისგან განსხვავებული მოძღვრება. მან თანამოაზრეთაგან გამოყო 70 მოციქული და მათთან ერთდ ზარზეიმით და ფსალმუნების სიმღერით შევიდა ტამბოვში, სადაც ის პოლიციამ დააპატიმრა, მაგრამ მალე გაათავისუფლეს. უკლეინის სიცოცხლეში მისი თანამოაზრეების რიცხვმა 5000-ს მიაღწია. ეს მიმდინარეობა გავრცელდა სარატოვის, ვორონეჟის, ასტრახანის და სხვა გუბერნიებში. უკლეინის გარდაცვალების შემდეგ მალაკნებში უთანხმოებებმა იჩინა თავი, მალაკნებს გამოეყვნენ და ცალკე მიმდინარეობებად ჩამოყალიბდნენ: 1. პრესნიკები, რომლებიც ცხარე და მჟავე საჭმელზე ამბობენ უარს 2. ისაია კრილოვის მიმდევბრები, რომლებიც მუხლჩაყრით და ხელიხელჩაკიდებული ლოცულობენ 3. დონელი მალაკნები, რომლებიც მართლმადიდებლობასთან მეტ სიახლოვეს იჩენენ 4. სუბოტნიკები და ვასკრესნიკები, ანუ შაბათის შემნახავები და 5. კოლექტივისტები, რომლებიც პირველი ქრისტიანების მსგავსად უარს ამბობდნენ კერძო საკუთრებაზე და აერთიანებდნენ ქონებას და მოსავალს.
XIX საუკუნის დასაწყისში მალაკნებში გავრცელდა ესქატოლოგიური მოლოდინები. უკლეინის ერთმა მოწაფემ, რომელიც ირანიდა დაბრუნდა, დაიწყო ქადაგება მხსნელის მოსვლის შესახებ არარატის მთის მიდამოებში. 1833 წელს მელიტოპოლელმა ტერენტი ბელეზოროვმა თავი გამოაცხადა ელია წინასწარმეტყველად და დაასახელა მისი ზეცად ამაღლების დღე. 1836 წელს გამოჩნდა ცრუქრისტე ლუკიანე პეტროვი, რომელმაც დაარწმუნა მალაკნები, მიეტოვებინათ საცხოვრებელი და დაძრულიყვნენ კავკასიისკენ, აღთქმული ქვეყნისკენ. პირველი მალაკნები, ისევე როგორც პირველი დუხობორები, სოციალური უსამართლობით უკმაყოფილო გლეხები იყვნენ. ისინი მონაწილეობდნენ ემელიან პუგაჩოვის აჯანყებაში, მაგრამ ამ აჯანყების შემდეგ პოლიტიკურ ბრძოლაზე ხელი აიღეს და რელიგიურ საქმიანობაში გადავიდნენ.
XIX საუკუნის დასაწყისში დაიწყო მალაკნების დევნა, დევნის ძირითდი მიზეზი იყო მალაკნების პაციფიზმი. მალაკნების დევნა ოფიციალურად დაიწყო 1830 წლის 20 ოქტომბერ ს გამოცემული დადგენილებით. დაიწყო მალაკნების და დუხობორების გადასახლება კავკასიაში, ყირიმსა და ციმბირში. დევნის მიუხედავად XIX საუკუნის ბოლოს მალაკნების რიცხვმა რუსეთის იმპერიაში ნახევარ მილიონს მიაღწია. ისინი სახლდებოდნენ ჯგუფებად, არ ერეოდნენ ადგილობრივ მოსახლეობაში და ინარჩუნებდნენ საკუთარ ადათ-წესებს. მათი ყველაზე დიდი კონცენტრაცია იყო ყარსის ოლქში.
2005 წელს მალაკნებმა აღნიშნეს მათი საქმიანობის ლეგალიზაციის 200 წლისთავი. ამ დროს სტავროპოლის მხარეში ათასობით მალაკანი შეიკრიბა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
მოძღვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მალაკნები უარყოფენ ეკლესიას, მღვდლებს, საეკლესიო იერარქიას, მარხვებს და მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას. ისინი აღიარებნენ მხოლოდ ათ მცნებას და ცხრა ნეტარებას. მალაკნების სულიერო ცხოვრების ბირთვი მხოლოდ ბიბლიაა. ბიბლიის მათი ინტერპრეტაცია მოცემულია წიგნებში, რომელსაც „ობრიადნიკი“ ეწოდება. მალკანები დუხობორებისგან განსხვავებით აღიარებენ ბიბლიას, მაგრამ მას სიმბოლურად და ალეგორიულად მოიაზრებენ. მათ ყურადღება მთლიანად ზნეობრივ მხარეზე გადააქვთ. დუხობორების მსგავსად მალაკნები არ აღიარებენ წყლით ნათლისღებას და აღიარებენ ამ საიდუმლოს მხოლოდ სულიერ მხარეს.
მალაკნების ღვთისმსახურება სხვა პროტესტანტების ღვთისმსახურებისგან არსებითად არ განსხვავდება, ლოცულობენ სამლოცველო სახლებში, სადაც ცენტრში დგას გრძელი მაგიდა, მის ირგვლივ კი უზურგო მერხებია. თავში სხდებიან თემის ხუცესები, სიგრძეზე რიგითი წევრები, მარჯვნივ კაცები, მარცხნივ ქალები. გალობენ ბიბლიურ ტექსტებს. სხვა პროტესტანტებისგან განსხვავებით მალაკნები ლოცულობენ მიცვალებულებისთვის, უარს ამბობენ ტრადიციულ საეკლესიო დღესასწაულებზე და სანაცვლოდ შემოღებული აქვთ ბუნების დღესასწაულები. მსახურების დროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გალობას და ფსალმუნებს, რომლებიც რუსულ ხალხურ მოტივებზეა აგებული. მალაკნები არ მიირთმევენ ღორის ხორცს და ღვინოს.
მალაკნები საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კავკასიაში მალაკნების პირველი დასახლება გაჩნდა 1830 წელს ყარაბაღში. ისინი კავკასიაში ნებაყოფლობით ჩავიდნენ, რადგან მეორედ მოსვლის მოლოდინი ჰქონდათ და ეძებდნენ ადგილს არარატის ახლოს დასასახლებლად. 1841-1850 წლებში მოხდა კავკასიაში დუხობორების და მალაკნების იძულებითი გადასახლება. მ დროს მალაკნები დამკვიდრდნენ თბილისში, სიღნაღის და ლაგოდეხის მიმდებარე სოფლებში. ისინი ცხოვრობდნენ ჩაკეტილად და მცირე კონტაქტი ჰქონდათ სხვა სოფლებთან. თბილისში დასახლებული მალაკნები მისდევდნენ ხელოსნობას, ძირითადად მეეტლეობას, ხოლო სოფლებში დასახლებულები სოფლის მეურნეობას, განსაკუთრებით მეფუტკრეობას. თბილისში მათ ჰქონდათ საკუთარი ბაზარი - მალაკნების ბაზარი. თბილისელი მალაკნების აშენებულია თბილისის საკრებულოს შენობა. 1867 წლის 20 აგვისტოს თბილისში ერთმანეთს შეხვდნენ მალაკნების წინამძღვარი ვორონინი და გერმანელი ბაპტისტი კოლვეიტი. მათი დისკუსიის შემდეგ ვორონინმა აღიარა წყლით ნათლობა, მოინათლა და მრევლის ნაწილიც გაიყოლა, თბილისელი მალაკნების რიცხვი მკვეთრად შემცირდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართველი მალაკნების დიდი ნაწილი დაბრუნდა რუსეთში. XXI საუკუნის დასაწყისისთვის საქართველოში 1000-მდე მალაკანი ცხოვრობდა. თბილისში მოქმედებს მალაკნების სამი თემი: ნავთლუღის, ღრმაღელის და საბურთალოსი, რომლებშიც 150 ადამიანი ერთიანდება. თბილისში ასევე არსებობს მალაკანი ბაპტისტების, ანუ მშრალი ბაპტისტების მცირე ჯგუფი. ეს ის მალაკნებია, რომლებიც ბაპტიზმს შეუერთდნენ, მაგრამ წყლით ნათლობაზე მაინც უარს ამბობენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პაპუაშვილი ნ., მალაკნები // „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 278-283, ISBN 978-9941-0-0902-0.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 383.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მალაკნები. CIVIL ენციკლოპედიური ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.