მარია ბრანკოვიჩი
მარია ბრანკოვიჩი (ბოსნ. Marija Branković; სერბ. Марија Бранковић; მონათლეს როგორც ელენა (ბოსნ. Jelena; სერბ. Јелена) დ. 1447 – გ. 1474 ან 1495 შემდეგ) — სერბეთის უკანასკნელი დესპოტიცა და ბოსნიის უკანასკნელი დედოფალი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია დაიბადა სერბეთის დესპოტის ლაზარ ბრანკოვიჩისა და ჰელენა პალეოლოგინას, იმპერატორ იოანე პალეოლოგოსის შვილიშვილის ოჯახში 1447 წელს. მას ძმები არ ჰყავდა, ამიტომ მამამისის გარდაცვალების შემდეგ იგი მეზობელი ბოსნიის ტახტის მემკვიდრეზე, სტეპან ტომაშევიჩზე გათხოვდა 1459 წლის 1 აპრილს.[1] კათოლიკე სტეპან ტომაშევიჩი სერბეთის დესპოტი გახდა, ხოლო ელენამ ქორწინების შემდეგ სახელი შეიცვალა და მარია დაირქვა, რაც კათოლიკურ სამყაროში უფრო მისაღები სახელი იყო.[2] ტომაშევიჩის გადესპოტებით უკმაყოფილო ოსმალებმა სამ თვეში დაიკავეს ტომაშევიჩის მთელი სამფლობელო, რადგან კათოლიკე მონარქის მმართველობით უკმაყოფილო სერბებმა დიდი წინააღმდეგობა არ გაუწიეს ოსმალებს და 1459 წლის ივნისში სმედერევოს ციხესიმაგრის კარიბჭის გასაღებები მეჰმედს მიართვეს. ოსმალებმა სერბეთის დესპოტატის ანექსია მოახდინეს სმედერევოს სანჯაყის სახელით.[3] წყვილმა ბოსნიას შეაფარა თავი.
ბოსნიის დედოფალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1461 წელს გარდაიცვალა სტეპან ტომაში, მარიას მამამთილი, ხოლო სტეპან ტომაშევიჩი ბოსნიის მეფე გახდა. მან მაშინვე მიმართა რომს დახმარების თხოვნით. ნოემბერში ბოსნიაში ჩავიდა პაპის ლეგატი, რომელმაც ჩაიტანა სამეფო გვირგვინი. ამის გამო უნგრეთის მეფე მათიაში აღშფოთდა, მაგრამ პაპის შუამდგომლობით კონფლიქტი მოგვარდა – ტომაშევიჩი მათიაშის ვასალად გამოცხადდა, რომელიც მას იმპერატორ ფრიდრიხის წინააღმდეგ უნდა დახმარებოდა. 1463 წელს მოკავშირეებით დაიმედებულმა ტომაშევიჩმა ოსმალებს ხარკი შეუწყვიტა. ოსმალეთის არმიამ ველი მაჰმუდ-ფაშას სარდლობით ბობოვაცს ალყა შემოარტყა 19 მაისს, მეორე დღეს კი მას თავად მეჰმედიც შეუერთდა. ბობოვაცი მალევე დაეცა და მეფემ გადაწყვიტა თავშესაფარი ეძია დალმაციაში ან ხორვატიაში. მან დედინაცვალი კატარინა რომში გაგზავნა, მარია კი რაგუზაში. თავად ტომაშევიჩს ფეხდაფეხ მისდევდა მაჰმუდ-ფაშა და ბოლოს კლუჩში მოახერხა მისი ალყაში მოქცევა. რესურსების სიმცირის გამო ტომაშევიჩი მიხვდა, რომ ალყას ვერ გაუძლებდა და დანებდა. იგი მეჰმედის წინაშე წარადგინეს 25 მაისს, რის შემდეგაც სიკვდილით დასაჯეს. მისი დატყვევებული ნათესავები კონსტანტინოპოლში გაგზავნეს, სადაც მათმა ნაწილმა ისლამი მიიღო. ბოსნიის სამეფო ოსმალეთმა შეიერთა.
დაქვრივების შემდგომ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარიას ზუსტი ბედი რაგუზაში გაგზავნის შემდეგ უცნობია. მკვლევლართა ნაწილის აზრით, იგი ადრიატიკის სანაპიროზე ცხოვრობდა და იქვე გარდაიცვალა.[2] სხვა მკვლევრების აზრით, მარია ოსმალებმა დაატყვევეს და მან უცნობი ოსმალო მხედართმთავრის ჰარემში დაასრულა ცხოვრება.[4] XVI საუკუნის მასარელის ხელნაწერის მიხედვით ტომაშევიჩსა და მარიას შვილები ჰყავდათ, თუმცა არც ერთის სახელი და ბედი არ არის მოხსენიებული და ცნობილი.[5]
მარიას გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია. წყაროების ნაწილი მისი გარდაცვალებისა და დაკრძალვის თარიღად 1474 წელს ასახელებს, სხვები კი ამტკიცებენ რომ იგი ჯერ კიდევ 1495 წელს ცოცხალი იყო. იგი მოკრძალებული ფიგურა იყო და ქმრის დედინაცვლის, კატარინას ჩრდილქვეშ დარჩა, რომელიც ხშირად შეცდომით მოიხსენიება ბოსნიის უკანასკნელ დედოფლად.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ van de Pas, Leo; Genealogics
- ↑ 2.0 2.1 Fine, John Van Antwerp (1994). The Late Medieval Balkans: A Critical Survey from the Late Twelfth Century to the Ottoman Conquest. Michigan: University of Michigan Press. ISBN 0-472-08260-4.
- ↑ Babinger, Franz (1992). Mehmed the Conqueror and His Time. USA: Princeton University Press. ISBN 0-691-01078-1.
- ↑ Steven Runciman, The Fall of Constantinople 1453, Cambridge University Press, 1990, ISBN 9780521398329.
- ↑ Profile of Stjepan Tomašević (August 2012).