შინაარსზე გადასვლა

მცირე სომხეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მცირე სომხეთი (სომხ. Փոքր Հայք, ლათ. Armenia Minor ან Armenia Inferior) — რომის იმპერიის, მთიანი ოლქი მდინარეების ევფრატის, ლიკოსისა და ჰალისის ზემო წელზე, რომელსაც ხეთურ წყაროებში ჰაიასის ქვეყანას უწოდებდნენ. ზოგი მკვლევარის აზრით, ამ ტერიტორიას უკავშირდება სომეხი ხალხისა და ძვ. სომხური ენის ჩამოყალიბება. აქ შეიქმნა ტომთა კავშირი ჰაიას მეთაურობით. სომეხი ხალხი დღესაც ამ ეთნონიმს უწოდებს თავის თავს. მცირე სომხეთი შედიოდა აქემენიანთა იმპერიაში. ალექსანდრე მაკედონელის დროს მცირე სომხეთი მაკედონელებს ემორჩილებოდა. 322 წლიდან დამოუკიდებელი სამეფო გახდა, დედაქალაქით ანი-კამახი. ძვ. წ. II საუკუნიდან მცირე სომხეთი შედიოდა მითრიდატე VI ევპატორის სამფლობელოში. იმპერატორ ვესპასიანეს დროს (ახ. წ. 69-72) რომაული პროვინციის კაპადოკიის შემადგენლობაში შევიდა, დიოკლეტიანეს დროს (III საუკუნის დასასრულს) ცალკე პროვინცია გახდა, ხოლო იმპერატორ თეოდოსიუსის დროს 2 პროვინციად გაიყო.