პირწმინდა (ლათ. Ajuga genevensis) — მრვალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროს ძირში მხოხავი ყლორტები არა აქვს; ღერო 10-50 სმ სიმაღლისაა, სწორად მდგომი ან ძირთან წამოწეული. ზედა ნაწილში, ძირითადად, ბეწვით არის შემოსილი. ფესვთანური ფოთლები მოგრძონიჩბისებურია ან უკუკვერცხისებური. კიდეები მსხვილმრგვალკბილაა, ზოგჯერ – კიდემთლიანი, ღეროსეული ფოთლები უკუკვერცხისებურია. გვირგვინი ცისფერია, იშვიათად – თეთრი ან ვარდისფერი, გარედან ოდნავ შებუსულია. იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში, ტყის პირას, მდელოებზე, მდინარეთა ნაპირებზე, შედარებით იშვიათად – სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში. დაბლობიდან მთის ზედა სარტყლამდე. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, თითქმის მთელ ევროპასა და მცირე აზიას.