შინაარსზე გადასვლა

ტიგრან IV

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიგრან IV
სომხეთის მეფე
მმართ. წლები: ძვ. წ. 8 - 1
წინამორბედი: ტიგრან III
მემკვიდრე: არიობარზან II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ძვ. წ. 30-იანები
გარდ. თარიღი: 1
მეუღლე: ერატო
დინასტია: არტაშესიანები
მამა: ტიგრან III

ტიგრან IV (დ. ძვ. წ. 30-იანები ― გ. ჩვ. წ. 1[1]) ― რომის ვასალი სომხეთის მეფე ძვ. წ. 8 წლიდან გარდაცვალებამდე[2] არტაშესიანთა დინასტიიდან. მეფე ტიგრან III-ის ვაჟი. ცოლად ჰყავდა თავისი და, დედოფალი ერატო, რომელთან ერთადაც მართავდა სამეფოს.

ოჯახი და ადრეული ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიგრანი ძვ. წ. 30-იან წლებში დაიბადა. იგი სომხეთის უფლისწულ ტიგრანისა და მისი უცნობი სახელის მქონე ცოლის უფროსი ძე იყო[3]. მას მამის მხრიდან ასევე ჰყავდა უმცროსი ნახევარ-და, სახელად ერატო[4]. თავად ტიგრანს სახელი მამის პატივსაცემად დაარქვეს, მას კი ბაბუამისის, რამაც ეს სახელი არტაშესიანთა დინასტიის მეფეების მთავარ სახელად აქცია[5]. ტიგრანი რომში დაიბადა და გაიზარდა, რამეთუ მამამისი ძვ. წ. 34 წლიდან მოყოლებული რომაელთა ტყვეობაში იმყოფებოდა[6]. მისი დაბადებიდან დაახლოებით ათ წელში, ძვ. წ. 20 წელს მისი ძმის, მეფე არტაშეს II-ის მკვლელობის შემდეგ, ტიგრანის მამა, მეფე ტიგრან III-მ ტახტი დაიკავა და ოჯახთან ერთად სომხეთში დაბრუნდა[7].

ტიგრანის და, ცოლი და თანამმართველი, დედოფალი ერატო

ძვ. წ. 8 წელს ტიგრან III გარდაიცვალა[8] და ტახტი მისმა ძემ, ტიგრან IV-მ დაიკავა[9]. აღმოსავლეთში დამკვიდრებული ელინისტური ჩვეულებისა და ტახტის გამყარების გამო, მალევე ტიგრანმა ცოლად თავისი ნახევარ-და, ერატო შეირთო და მეტიც, იგი თავის თანამმართველად დაინიშნა[10]. იმდროინდელი ჩვეულებით, გახდა ტიგრანის და-ცოლი და ასევე მისი დედოფალი. ტიგრანსა და ერატოს მხოლოდ ერთი გოგონა გაუჩნდათ, რომლის სახელიც უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ იგი ცოლად იბერიის მეფე ფარსმან I-ს შერთეს. მოგვიანებით, სწორედ ცოლის მემკვიდრული ხაზის წყალობით გაამეფა ფარსმანმა სომხეთში თავისი ძე, რადამისტი.

მიუხედავად იმისა, რომ ტიგრანი და ერატო რომის ვასალი მონარქები იყვნენ, ისინი ძლიერად ანტირომაულ განწყობას ატარებდნენ და პართიისაკენ იხრებოდნენ, რასაც, ცხადია, რომაული მხრიდან და განსაკუთრებით იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის მხრიდან[11], მოწონება არ ჰქონდა. რომი და პართია ერთმანეთს გამუდმებით ეჯიბრებოდნენ პირველობაში და კავკასია, უმეტესად კი სომხეთი, ამ ბრძოლის მთავარი სამიზნე იყო[12].

რომის ვასლობით უკმაყოფილო არტაშესიანებმა და მათმა თანამოაზრე სომეხმა დიდებულებმა პართიის მეფე ფრაატ V-ის მხარდაჭერით იმპერიას ომი გამოუცხადეს. რომის იმპერიასთან სრულმასშტაბიანი ომის თავიდან ასარიდებლად ფრაატმა მალევე შეწყვიტა მათი მხარდაჭერა. იქიდან გამომდინარე, რომ მარტო დარჩენილი სომხეთი ფიზიკურად ვერ მოიგერიებდა რომის შემოსევებს, მეფე ტიგრანმა და დედოფალმა ერატომ სასწრაფოდ დიდი ძღვენი გაუგზავნეს იმპერატორს და კვლავ მორჩილება აღუთქვეს[13]. ავგუსტუსმა მიიღო მათი ძღვენი და მორჩილება, რითაც სომხეთი ისევ რომის ვასალად დარჩა[14].

ავგუსტუსის ნებართვით ტიგრანმა თავისი გამოსახულების ვერცხლის მონეტები მოაჭრევინა, წარწერით „ახალი მეფე ტიგრან დიდი“. ასევე გამოუშვა დედოფალ ერატოს გამოსახულებიანი მონეტები წარწერით „ერატო, მეფე ტიგრანის და“[15]. ცნობილია, რომ ამ და კიდევ სხვა ჟესტებით, ტიგრანი თავის დიდ ბაბუასთან, მეფე ტიგრან II დიდთან ცდილობდა თავის გაიგივებას.

უკვე ჩვ. წ. 1 წელს ტიგრან IV სომხეთის შიდა აჯანყებისას ბრძოლაში მოკლეს[16]. შემდეგში უფრო გამძვინვარებული ომისა და ქაოსის გამო დედოფალი ერატო ტახტიდან გადადგა, რამაც დაასრულა მათი მმართველობა[17].

  • R. Naroll, V.L. Bullough & F. Naroll, Military Deterrence in History: A Pilot Cross-Historical Survey, SUNY Press, 1974
  • E. Yarshater, The Cambridge History of Iran, Vol. III, Part I, Cambridge University Press, 1983
  • W.G. Sayles, Ancient Coin Collecting IV: Roman Provincial Coins (Google eBook), F+W Media, Inc, 1998
  • R.G. Hovannisian, The Armenian People from Ancient to Modern Times, Volume 1: The Dynastic Periods: From Antiquity to the Fourteenth Century, Palgrave Macmillan, 2004
  • P.M. Swan, The Augustan Succession: An Historical Commentary on Cassius Dio's Roman History, Books 55-56 (9 B.C.-A.D. 14) (Google eBook), Oxford University Press, 2004
  • V.M. Kurkjian, A History of Armenia, Indo-European Publishing, 2008
  • M. Bunsen, Encyclopedia of the Roman Empire, Infobase Printing, 2009
  • M.A. Ehrlich, Encyclopedia of the Jewish Diaspora: Origins, Experiences, and Culture, Volume 1 (Google eBook), ABC-CLIO, 2009
  1. Sayles, Ancient Coin Collecting IV: Roman Provincial Coins, p.62
  2. Lang, David M. “Iran, Armenia and Georgia.” In: Cambridge History of Iran, Vol. III, Part I, p. 513.
  3. Kurkjian, A History of Armenia, p.73
  4. Kurkjian, A History of Armenia, p.73
  5. Hovannisian, The Armenian People From Ancient to Modern Times, Volume I: The Dynastic Periods: From Antiquity to the Fourteenth Century, p.48
  6. Naroll, Military Deterrence in History: A Pilot Cross-Historical Survey, p.161
  7. Lang, David M. “Iran, Armenia and Georgia.” In: Cambridge History of Iran, Vol. III, Part I, p. 513.
  8. Swan, The Augustan Succession: An Historical Commentary on Cassius Dio’s Roman History, Books 55-56 (9 B.C.-A.D. 14), p.114
  9. Sayles, Ancient Coin Collecting IV: Roman Provincial Coins, p.62
  10. Swan, The Augustan Succession: An Historical Commentary on Cassius Dio’s Roman History, Books 55-56 (9 B.C.-A.D. 14), p.130
  11. Bunson, Encyclopedia of the Roman Empire, p.p.199-200
  12. Ehrlich, Encyclopedia of the Jewish Diaspora: Origins, Experiences, and Culture, Volume 1, p.1111
  13. Bunson, Encyclopedia of the Roman Empire, p.200
  14. Bunson, Encyclopedia of the Roman Empire, p.200
  15. Swan, The Augustan Succession: An Historical Commentary on Cassius Dio’s Roman History, Books 55-56 (9 B.C.-A.D. 14), p.120
  16. Bunson, Encyclopedia of the Roman Empire, p.36
  17. Swan, The Augustan Succession: An Historical Commentary on Cassius Dio’s Roman History, Books 55-56 (9 B.C.-A.D. 14), p.128