ტრიცეპსი
ტრიცეპსი, აგრეთვე ცნობილი როგორც „triceps brachii“ (ლათ. „ხრის სამთავიანი კუნთი“) — დიდი კუნთი, რომელიც გვხვდება მრავალი ხერხემლიანი ცხოველის ზედა კიდურის უკანა ზედაპირზე. მისი ძირითადი ფუნქციაა იდაყვის სახსრის გაშლა. იგი წარმოდგენილია 3 თავით: ლატერალური, მედიალური და გრძელი.
სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი გრძელი თავი იწყება ბეჭის ძვლის ქვედა სასახსრე ფოსოდან (tuberculum infraglenoidale). იგი გრძელდება დისტალურად (ანუ სხეულის შუა წერტილის მიმართ 'გარეთ'), მცირე მრგვალი კუნთის (m. teres minor) წინ და დიდი მრგვალი კუნთის (m. teres major) უკან.[1]
მისი მედიალური თავი იწყება მხრის ძვალზე (humerus) პროქსიმალურად (ანუ სხეულის შუა წერტილის მიმართ 'შიგნით'), სხივის ნერვის ღარის ქვემოთ (sulcus nervi radialis), მხრის ძვლის დორსალური (უკანა) ზედაპირიდან და ლატერალური კუნთთაშუა ძგიდიდან (septum intermuscularis lateralis). მედიალური თავი ძირითადად დაფარულია ლატერალური და გრძელი თავებით და მისი დანახვა შესაძლებელია მხოლოდ დისტალურად.[1]
ლატერალური თავი იწყება მხრის ძვლის დორსალური ზედაპირიდან, სხივის ნერვის ღარის ლატერალურად და პროქსიმალურად, დიდი ბორცვიდან ლატერალური კუნთთაშუა ძგიდის არემდე.[1]
სამთავა კუნთის თითოეულ კუნთოვან კონას (თავს) გააჩნია თავისი მაინერვირებელი მოტორული ნეირონების ქვებირთვი, რომელიც განლაგებულია ზურგის ტვინში. მედიალური თავი უმეტესად წარმოდგენილია მცირე ზომის, პირველი ტიპის ბოჭკოებით და მოტორული ერთეულებით, ლატერალური თავი - დიდი ზომის, IIბ ტიპის ბოჭკოებით და მოტორული ერთეულებით, ხოლო გრძელი თავი ბოჭკოებისა და მოტორული ერთეულების რამდენიმე ტიპისგან შედგება.[2]
ეს ბოჭკოები უერთდებიან ერთმანეთს და ქმნიან მყესს (თუმცა, ზოგიერთი კვლევის მიხედვით ერთზე მეტი მყესი იქმნება)[1], რომელიც უკავშირდება იდაყვის მორჩსა (olecranon) და იდაყვის სახსრის კაფსულის უკანა კედელს. მყესის ნაწილი განიცდის რადიაციას (ვრცელდება) წინამხრის ფასციაში, ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლია მთლიანად გადაფაროს იდაყვის კუნთი (m. anconeus).[1]
ინერვაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ითვლება, რომ ტრიცეპსის სამივე თავი ინერვირდება სხივის ნერვით (n. radialis).[3] თუმცა, 2004 წელს განხორციელებული კვლევის მიხედვით, 20 გვამში აღმოჩენილი იყო, რომ გრძელი თავი ინერვირებული იყო საუღლე ნერვის (n. axillaris) ტოტით.[4]
ვარიაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გრძელი თავისა და ზურგის უგანიერესი კუნთის (latissimus dorsi) მყესის საწყისი კომპონენტი ხშირად მყესოვანი რკალია. იშვიათ შემთხვევაში, გრძელი თავის საწყისი წერტილები შეიძლება იყოს ბეჭის ძვლის ლატერალური კიდე და მხრის სახსრის კაფსულა.[1]
ფუნქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამთავა კუნთის ძირითიადი ფუნქციაა იდაყვის სახსის გაშლა, ანუ იგი ორთავა (m. biceps brachialis) და მხრის კუნთის (m. brachialis) ანტაგონისტია (რაც იმას ნიშნავს, რომ იგი საწინააღმდეგო ფუნქციას ასრულებს). როდესაც წინამხარი და ხელი ნატიფ მოძრაობებს ასრულებენ (როგორიცაა, მაგ. წერა) სამთავა კუნთი აგრეთვე უზრუნველყოფს მხრის სახსრის ფიქსაციას. თითოეული თავი, თავის მხრივ, განსხვავდება მოქმედების ხასიათით — ლატერალური თავი ჩართულია ისეთ მოძრაობებში, რომლებიც პერიოდულად საჭიროებენ ინტენსიურ ძალას. მედიალური თავი უზრუნველყოფს დაბალი ინტენსივობის, ნელ მოძრაობებს, ხოლო გრძელი თავი მონაწილეობს მოძრაობაში მაშინ, როდესაც საჭიროა ხანგრძლივი ძალისხმევა ან მხრისა და იდაყვის სინერგისტული კონტროლი.[5]
გამომდინარე იქიდან, რომ გრძელი თავი ბეჭის ძვალზე იწყება, იგი აგრეთვე მოქმედებს მხრის სახსარზე და ჩართულია მხრის სახსრის ბრუნვაში უკანა მიმართულებით და ზედა კირდურის მოზიდვაში (adductio). იგი მონაწილეობს მხრის სახსრის სტაბილიზაციაშიც.[1] [6]
ვარჯიში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტრიცეპსის ვარჯიშის 2 მიდგომა არსებობს: იზოლირებული და კომპლექსური. იზოლირებული ვარჯიში ეწოდება ისეთ მოძრაობას, რომელშიც მხოლოდ ტრიცეპსი (ან რომელიმე ერთი კუნთი და ერთი სახსარი) მონაწილეობს. კომპლექსურ ვარჯიშში ჩართულია მრავალი კუნთი და სახსარი. არსებობს აგრეთვე 'იზომეტრული' ვარჯიშები, როდესაც კუნთი იკუმშება, მაგრამ სახსარში მოხრა არ ხდება.
იზოლირებულ მოძრაობებს შორის მოიაზრება (მაგალითად) ხელების გაშლა დაწოლილ მდგომარეობაში, ხელების გაშლა ზურგის უკან. კომპლექსურ მოძრაობებს მიეკუთვნება: აზიდვები, შტანგის აწევა წოლით მდგომარეობაში (შეიძლება ხელის პოზიციის შეცვლა — რაც უფრო ახლოსაა ხელები ერთმანეთთან, მით უფრო დიდი დატვირთვა მოდის ტრიცეპსზე), აზიდვები ღერძით და ა.შ.
ტრიცეპსი ორსახსრიანი კუნთია. ამიტომაც, ყოვლისმომცველი სავარჯიშო მიდგომაში მოიაზრება ისეთი ვარჯიშების ჩართვა, რომლებიც უზრუნველყოფენ იდაყვის სრულიად გაშლას.[7]
ტრიცეპსის სერიოზული ტრავმირება იშვიათია და უმეტესწილად ემართება ანაბოლური სტეროიდების მომხმარებლებს.[8]
კლინიკური მნიშვნელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზედა კიდურების ნერვების ტესტირებისთვის ხშირად გამოიყენება ტრიცეპსის რეფლექსი, რომელიც სამთავა კუნთზე დარტყმით მიიღწევა. ამით ხდება C6 და C7 სპინალური ნერვების ტესტირება, უმეტესად — C7.[9]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მას სამთავა კუნთს უწოდებენ (ლათ. tri — სამი, ceps-ის ფუძე — caput — თავი), რადგან იგი წარმოდგენილია 3 კუნთოვანი კონისგან, რომელთაგან თითოეულს სხვადასხვა საწყისი წერტილი აქვს და უერთდებიან ერთმანეთს იდაყვის არეში. მიუხედავად იმისა, რომ ქვედა კიდურშიცაა წარმოდგენილი კუნთი მსგავსი დასახელებით — triceps surae — „ტრიცეპსის“ ხსენებისას უმეტესწილად ნაგულისხმევია მხრის სამთავა კუნთი.
ცხოველებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცხენებში, ტრიპცესის მასა გადანაწილებულია შემდეგი პროპორციით: 84% — გრძელი თავი, 15% — ლატერალური თავი და 3% — მედიალური თავი. [10]
მრავალ ძუძუმწოვარს, მაგ. ძაღლებს, რქოსან პირუტყვსა და ღორებს, გააჩნიათ დამატებითი თავი, რომელიც განლაგებულია ლატერალურ და მედიალურ თავებს შორის. ადამიანების შემთხვევაში, იდაყვის კუნთს ზოგჯერ პირობითად უწოდებენ „სამთავა კუნთის მეოთხე თავს“.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Platzer, Werner (2004). Color Atlas of Human Anatomy, Vol. 1: Locomotor System, 5th, Thieme. ISBN 3-13-533305-1.
- ↑ Lucas-Osma AM, Collazos-Castro JE (September 2009). „Compartmentalization in the triceps brachii motoneuron nucleus and its relation to muscle architecture“. The Journal of Comparative Neurology. 516 (3): 226–39. doi:10.1002/cne.22123. PMID 19598170.
- ↑ Bekler H, Wolfe VM, Rosenwasser MP (January 2009). „A cadaveric study of ulnar nerve innervation of the medial head of triceps brachii“. Clinical Orthopaedics and Related Research. 467 (1): 235–8. doi:10.1007/s11999-008-0535-6. PMC 2600974. PMID 18850256.
- ↑ de Sèze MP, Rezzouk J, de Sèze M, Uzel M, Lavignolle B, Midy D, Durandeau A (December 2004). „Does the motor branch of the long head of the triceps brachii arise from the radial nerve? An anatomic and electromyographic study“. Surgical and Radiologic Anatomy. 26 (6): 459–61. doi:10.1007/s00276-004-0253-z. PMID 15365769.
- ↑ Lucas-Osma AM, Collazos-Castro JE (September 2009). „Compartmentalization in the triceps brachii motoneuron nucleus and its relation to muscle architecture“. The Journal of Comparative Neurology. 516 (3): 226–39. doi:10.1002/cne.22123. PMID 19598170.
- ↑ Triceps Anatomy, Origin & Function | Body Maps en. ციტირების თარიღი: 26 April 2018
- ↑ https://www.youtube.com/watch?v=hctR7BCmvVs
- ↑ Keener JD, Sethi PM (November 2015). „Distal Triceps Tendon Injuries“. Hand Clinics. 31 (4): 641–50. doi:10.1016/j.hcl.2015.06.010. PMID 26498552.
- ↑ The Precise Neurological Exam: Deep Tendon Reflexes. New York University School of Medicine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-06. ციტირების თარიღი: 2019-12-05.
- ↑ Watson JC, Wilson AM (January 2007). „Muscle architecture of biceps brachii, triceps brachii and supraspinatus in the horse“. Journal of Anatomy. 210 (1): 32–40. doi:10.1111/j.1469-7580.2006.00669.x. PMC 2100266. PMID 17229281.