უკანგორის ეკლესია
უკანგორი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
პროვინცია | ქვემო ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დმანისის მუნიციპალიტეტი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | ბაზილიკა |
თარიღდება | V-VI სს. |
დეტალები
|
უკანგორის ტაძარი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტის მაშავერას თემის სოფელ უკანგორში.
ტაძარი დათარიღებულია V-VI საუკუნეებით. იგი ერთნავიანი სიგრძივ მიმართული შენობაა, რომელსაც სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აკრავს ოთხკუთხედი სადიაკვნო. სადიაკვნოს შესასვლელი მხოლოდ ეკლესიის შიგნიდან აქვს. შენობის კედლები ძალიან სქელია. როგორც გარედან, ისე შიგნიდან შემოსილია თლილი ქვის პერანგით. ამჟამად, ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი მიწითაა დაფარული, მოპირდაპირე მხარე კი ჩაქცეულია. აქ კედლებიც ნაწილობრივ ჩამონგრეულია. ტაძარს ორი კარი აქვს, ამიტომაც ეძახიან ორკარიანს. სარკმელი სამია: სამხრეთ-დასავლეთიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. ტაძარი შიგნით წარმოადგენს მოგრძო ოთხკუთხედს, რომელიც გადახურულია ცილინდრული კამარით. ამბიონი შემაღლებულია ერთი საფეხურით. საკურთხევლის უკანა კედელზე, სარკმლის ქვეშ, მიშენებული აქვს ტრაპეზი, სიმაღლით 0,75 მ.
შემკულობა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ უადგილო ადგილას ჩაშენებულ ორნამენტულ ქვებს, როგორც ჩანს, არც გარეთ ჰქონია ტაძარს და არც შიგნით. ტაძრის გარშემო, სასაფლაოზე ნაპოვნია წარწერიანი ჯვრის კვარცხლბეკი, რომელიც დიდი ქვის კუბს წარმოადგენს. მასზე გვხვდება 6 სტრიქონიანი მთავრული წარწერა, რომლის მხოლოდ პირველი ოთხი სტროფი იკითხება. წარწერა ხანმეტია და ენათესავება ბოლნისის სიონის უძველეს წარწერებს[1]. ამათ გარდა, ნაპოვნია სხვა წარწერიანი ქვები და ბარელიეფები.
ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[2]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მუსხელიშვილი ლ., არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავრის ხეობაში, თბ., 1941, გვ. 8-23
- მუსხელიშვილი ლ., უკანაგორის ისტორიული ნაშთები, ენიმკის მოამბე, ტ. X, 1941, გვ. 159-182
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 119.
- ჯვრის კვარცხლბეკი, ქართული წარწერების კორპუსი I, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.), თბ., 1980, გვ. 89-94
- შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები, თბ., 2012, გვ. 68
- უკანგორის ორკარა საყდარი, საქართველოს გამოჩენილი და საქმიანი ადამიანები. საქართველო, 2015, თბ., გვ. 192-193