შინაარსზე გადასვლა

ყუმუხები

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყუმუხები
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
დროშა: რუსეთი რუსეთი 503.060[1]
დროშა: უკრაინა უკრაინა 718[2]
ენები ყუმუხური ენა, რუსული ენა
რელიგიები ისლამი

ყუმუხებიჩრდილოეთ კავკასიის ყველაზე დიდი თურქულენოვანი ეთნოსი. ცხოვრობენ დაღესტნის მთისწინეთსა და ყუმუხეთის დაბლობში. ისინი ამ მიწაწყლის მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგენენ. ბინადრობენ დაღესტნის ხასავიურტის, ბაბაიურტის, ყიზილიურტის, ბუინაკსკის, ყარაბუდახკენტის, კაიაკენტის და ხაიტაყის რაიონებში, მაჰაჩყალის ირგვლივ ექვს სოფელში, ქალაქებში: მაჰაჩ ყალა, ხასავიურტი, ბუინაკს კი, იზბერბაში, დერბენტი. ყუმუხები დაღესტნის მოსახლეობის 13%-ს შეადგენენ.

1989 წლის აღწერით ყუმუხების საერთო რაოდენობა 281,9 ათასი კაცი იყო, დღეისათვის დაახლოებით 350 ათასი, მათ შორის დაღესტანში დაახლოებით 280 ათასი (2000 წლის მონაცემებით). ყუმუხების თითქმის ნახევარი ქალაქებშია კონცენტრირებული. დაღესტნის ფარგლებს გარეთ რუსეთის ფედერაციაში ყუმუხების 20%-ზე მეტი ცხოვრობს. შედარებით დიდი რაოდენობით ყუმუხები მკვიდრობენ ჩეჩნეთის გუდერმესისა და გროზნოს რაიონებში (10 ათასი კაცი), ჩრდილოეთ ოსეთის მოზდოკის რაიონში (9,5 ათასი). განსახლებული არიან აგრეთვე რუსეთის სტავროპოლისა და ტიუმენის ოლქებში, რუსეთის საზღვრებს გარეთ ყაზახეთში, უკრაინაში, უზბეკეთში, თურქმენეთში, აზერბაიჯანში. ყუმუხთა დიასპორა გვხვდება თურქეთში, იორდანიაში და მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. ყუმუხების თვითსახელწოდებაა ყუმუკ. ამ ეთნონიმიდან მომდინარეობს რუსული და ნოღაური კუმიკი, ჩეჩნური - გუმკი. დაღესტნის მეზობელ ხალხებში ყუმუხთა ეგზოეთნონიმი გადმოიცემა სიტყვებით: ბარის მცხოვრებნი: ხუნძურად - ლარაგალ, დარგუულად - დირკალანტი, ლაკურად - არ ნისა. ყუმუხები ანთროპოლოგიურად დიდი ევროპეიდული რასის კასპიურ ტიპს მიეკუთვნებიან.

ხაზართა დროიდან დაწყებული XX საუკუნის პირველ მეოთხედამდე ყუმუხთა წინაპარი თურქული ენა, შემდეგ კი თვით ყუმუხური ენა ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის ეროვნებათშორის ურთიერთობის ენა იყო. ყუმუხური ენა საბოლოოდ მონღოლთა პერიოდამდე ჩამოყალიბდა. ის კავკასიის ხალხების რუსეთის მეფეებთან მიმოწერის ოფიციალური ენაც იყო. ყუმუხური ენა ვლადიკავკაზის, სტავროპ ოლის, მოზდოკის, ყიზლარის, თემირ ხან - შურის და სხვ. გიმნაზიებსა და სასწავლებლებში ისწავლებოდა.

ყუმუხეთზე გადიოდა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზა, კერძოდ, დიდი აბრეშუმის გზა. ყუმუხეთის ბარი დაღესტნის ბევრი რაიონისათვის ძირითად ბეღელად ითვლებოდა, რაც მის სავაჭრო და ეკონომიკურ აღმავლობას განაპირობებდა.

ყუმუხეთში სუნიტური მიმართულების ისლამი VIII-XII საუკუნეებში გავრცელდა. ყუმუხები ყოველთვის ამაყობდნენ იმით, რომ ისლამი დაღესტნელთა შორის ყველაზე ადრე მიიღეს. სხვადასხვა მონაცემებით, ამ პერიოდამდე ყუმუხებში ქრისტიანობაც იყო გავრცელებული, ხაზარეთის ზედა ფენებში კი იუდაიზმიც.

ყუმუხთა ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა სპორტის ეროვნული სახეობები. მათ ჰქონდათ ბალახის ჰოკეის თავისებური სახეობა: საღამოთი აბედს (ნაცარტუტში გამოხარშული ხის ერთგვარი სოკო) მოუკიდებდნენ ცეცხლს და მის წართმევაში ერთმანეთს ჰოკიჯოხით (ყვანჯით) ეპაექრებოდნენ, დღესასწაულებზე იმართებოდა დოღი.