შინაარსზე გადასვლა

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ ამ გვერდზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა (მრავალმნიშვნელოვანი).
„ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“
წიგნი ჰარი პოტერის სერიიდან

ორიგინალური ბრიტანული გამოცემის გარეკანი
ავტორი ჯოან როულინგი
ილუსტრატორები თომას ტეილორი (ბრიტანეთი)
მერი გრანპრე (აშშ)
ჟანრი ფენტეზი
გამომცემლები Bloomsbury (ინგლისი)
Scholastic (აშშ)
Raincoast (კანადა)
გამოიცა 30 ივნისი 1997 (ბრიტანეთი)
1 სექტემბერი 1998 (აშშ)
ქართული გამოცემა 2002
მთარგმნელი მანანა ანთაძე
ნომერი 1
ქრონოლოგია 31 ოქტომბერი 1981
22 ივნისი 19915 ივნისი, 1992
გვერდი 223 (ბრიტანეთი)
309 (აშშ)
ISBN 0747532699
შემდეგი ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ (ინგლ. Harry Potter and the Philosopher's Stone) — პირველი წიგნი ჰარი პოტერის რომანების სერიაში, რომლის ავტორი არის ჯოან როულინგი.

1990 წელს წიგნის ავტორი, ჯოან როულინგი, თავის მეგობართან ერთად საცხოვრებლად გადადიოდა მანჩესტერში. მისივე თქმით, ახალი ბინის ერთკვირიანი ძიების შემდეგ იგი ბრუნდებოდა ლონდონში და სწორედ მატარებელში მოიგონა პოტერის ისტორია. იმავე საღამოს ჯოანმა დაიწყო ფილოსოფიური ქვის წერა და, მიუხედავად იმისა, რომ პირველ გვერდებს ჩამოყალიბებული ხასიათი არ ჰქონდა, შემდეგმა მოვლენებმა, კერძოდ კი როულინგის დედის გარდაცვალებამ თავისი გავლენა იქონია ჰარის ბედზეც. 1996 წლისათვის წიგნი დასრულებული იყო და გამოცემული იქნა 1997 წელს.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

1981 წლის 1 ნოემბერი. პროფესორი ალბუს დამბლდორი და პროფესორი მინერვა მაკგონაგელი ერთმანეთს ხვდებიან ნომერ 4 სახლთან, ლიტლ უინგინგში, სურეის საგრაფოში. ისინი საუბრობენ ჯადოსნურ სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე. ვოლდემორი, ყველა დროის ყველაზე ძლიერი და ბოროტი ჯადოქარი, დამარცხებულია. მაგრამ მან ასევე შეიწირა ლილი და ჯეიმზ პოტერები. მათი შვილი, ჰარი, გადარჩა, მაგრამ ვოლდემორისგან შუბლზე დარჩა ელვის მსგავსი ნაიარევი. დამბლდორი თვლის, რომ ჰარი უნდა გაიზარდოს ჯადოსნური სამყაროსგან შორს, რადგანაც მას უწერია ბევრი ადამიანის ბედის გადაწყვეტა. დამბლდორის მეგობარი, ჰოგვორტსელი ნახევარგოლიათი ჰაგრიდი მათთან მოიყვანს პოტერების ბავშვს. ჰარი მოხვდება ნათესავებთან - დეიდა პეტუნიასთან და მის ქმართან, ვერნონთან. მათ საკუთარი შვილიც ჰყავთ - განებივრებული დადლი.

დერსლის ოჯახს არ უყვარს მაგია და ყველანაირად უმალავს ჰარის, რომ მას მაგიური შესაძლებლობები გააჩნია. მთელი ოჯახი ჰარის ცუდად ეპყრობა. მე-11 დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე ჰარისთან ჩნდებიან ბუები, რომლებსაც მასთან წერილები მოაქვთ. ვერნონი ანადგურებს ყველა წერილს, მაგრამ ისინი კვლავ იყრება. საბოლოოდ, ჰარის გადამალავენ პატარა კუნძულზე, მაგრამ ღამით იქ ჩნდება ჰაგრიდი, რომელიც უამბობს ჰარის სიმართლეს მის წარმომავლობაზე და იმაზე,რომ მისი მშობლები მოკლა ვოლდემორმა, რომლისაც ყველას ეშინია (მიუხედავად მისი სიკვდილისა).ჰაგრიდს ჰარი თან მიჰყავს ჰოგვორტსის სკოლაში.

ჰაგრიდი და ჰარი მიემართებიან გრინგოტსის ბანკში, სადაც ჰარის მშობლების მიერ დატოვებული ფულის ნაწილი გამოიყენება სწავლისათვის საჭირო ნივთების შესაძენად. ბანკში ასევე ინახება ფილოსოფიური ქვა. მოგვიანებით მოქმედებაში პირველად ჩნდება დრაკო მალფოი, რომელიც მაგლებს (არაჯადოქრებს) უხეშად ექცევა. ჰაგრიდი უხსნის ჰარის, რომ ჰოგვორტსში ჩასვლისას სტუდენტების გადაანაწილებენ ოთხ სხვადასხვა ფაკულტეტზე - გრიფინდორში, რეივენქლოში, ჰაფლეპაფში ან სლიზერინში. ჰაგრიდის თქმით, გრიფინდორი საუკეთესო ფაკულტეტია, სლიზერინი კი - ყველაზე ცუდი.

ჰარი ყიდულობს ჯადოსნურ ჯოხს. ოლივანდერი, მაღაზიის მფლობელი ამჩნევს, რომ ვოლდემორისა და ჰარის ჯადოსნურ ჯოხებში ერთსა და იმავე ფენიქსის კუდის ბუმბულებია გამოყენებული. ჰარი ბრუნდება დერსლის ოჯახში და სულ მალე მიდის კინგს კროსის სადგურის ბაქანზე (აქ უნდა აღინიშნოს, რომ მას მისტიური ნომერი აქვს - 9 ¾), რომელიც მას ჰოგვორტსში წაიყვანს.

გზად იგი გაიცნობს რონ უისლისა და მის ოჯახს. ასევე მათ შეუერთდება ჰერმიონ გრეინჯერი, მაგლი გოგონა. მატარებელში მყოფი დრაკო მალფოი დასცინის მაგლებს და საქმე თითქმის ჩხუბამდე მიდის. მაგრამ რონის ვირთხა კბენს მალფოის მეგობარს და იგი გადაიფიქრებს ამ ჩხუბში ჩართვას. ამ დროიდან დრაკო ჰარის, რონისა და ჰერმიონის მტერი ხდება.

ჰოგვორტსში მისულებს სხვადასხვა ფაკულტეტზე გადაანაწილებს გამანაწილებელი ქუდი. რონი, ჰარი და ჰერმიონი, სხვა ბავშვებთან ერთად ხვდებიან გრიფინდორში, ხოლო დანარჩენი ბავშვები - ჰაფლეპაფში, სლიზერინში და რეივენქლოში.

ერთ-ერთი პირველი ლექცია, რომელზეც ბავშვები ხვდებიან, არის პროფესორ სევერუს სნეიპისა. ამ ლექციიდან მოყოლებული სნეიპს ჰარისთან ცუდი დამოკიდებულება აქვს და გამუდმებით აკლებს ქულებს, რაც გრიფინდორის საერთო ქულებზეც აისახება - ეს კი, ჯამში გრიფინდორს ცუდ სახეს უქმნის.

ამასობაში ცნობილი ხდება, რომ უცნობმა პირმა გრინგოტსის ბანკიდან მოიპარა რაღაც ნივთი. ჰარის მოგვიანებით უჩნდება ეჭვი, რომ ეს ფილოსოფიური ქვაა, რომელიც მანამდე ბანკში იხილა.

მალფოი ამასობაში ყველანაირად ცდილობს ჰარის გაღიზიანებას. ერთხელ ღამით იგი მას დუელს დაუნიშნავს, მაგრამ თავად არ მოდის. ფილჩისგან, სკოლის დარაჯისგან დერეფნებში დამალვის დროს ბავშვები მოხვდებიან აკრძალულ საიდუმლო ოთახში, რომელშიც სამთავიან გიგანტურ ძაღლ ფლაფის სძინავს. აშკარაა, რომ იგი რაღაცაზე ზის და დარაჯობს.

ჰელოუინის დღესასწაულის დროს ჰოგვორტსში იპარება ტროლი. იგი შედის ტუალეტში, სადაც ჰერმიონია, მაგრამ რონი და ჰარი გადაარჩენენ ჰერმიონს და ტროლს ნოკაუტში აგდებენ. პროფესორი მაკგონაგელი განრისხებულია, მაგრამ ბიჭების სიმამაცის გამო გრიფინდორს ქულებს უმატებს.

ქვიდიჩის პირველი მატჩის დროს ჰარის მფრინავი ცოცხი უცნაურად იქცევა. ჰერმიონი დარწმუნებულია, რომ ამაში ხელი ურევია სევერუს სნეიპს, რომელიც იქვე, მატჩზე იმყოფება. ჰერმიონი ჩუმად მიდის სნეიპთან და ცეცხლს უკიდებს მას. თამაში მოგებულია გრიფინდორის სასარგებლოდ.

შობაზე ჰარი უცნობისგან მიიღებს მამამისის ნაქონ უჩინმაჩინის მოსასხამს და აღმოაჩენს სილივრუს სარკეს, რომელშიც თავის მშობლებს დაინახავს. ამავე პერიოდში იგი დაინტერესდება ნიკოლას ფლამელის პიროვნებით, რომელიც ცნობილია, როგორც ფილოსოფიური ქვის შექმნელი.

ჰარი დაინახავს, თუ როგორც ესაუბრება სნეიპი პროფესორ ქუირელს (ბნელი ძალებისგან დაცვის მასწავლებელს) ფლაფისათვის თავის არიდებაზე, რაც მას დააფიქრებს და დაარწმუნებს, რომ სნეიპს სურს ფლაფის ქვეშ დამალული ფილოსოფიური ქვის მოპარვა, რათა გადასცეს იგი ვოლდემორს.

რონი, ჰარი და ჰერმიონი აღმოაჩენენ, რომ ჰაგრიდი მალავს დრაკონის კვერცხს. გამოჩეკილი დრაკონი, ნორბერტი, მალე იზრდება და მისი დამალვა ხდება შეუძლებელი. ჰარის და ჰერმიონს იგი მიჰყავთ სკოლაში და ღამით აგზავნიან სხვა დრაკონებთან. მაგრამ, რადგანაც ღამის საათებში სკოლის დერეფნებში სიარული აკრძალულია, ბავშვებს სასჯელის სახით დაევალებათ ჰაგრიდთან ერთად ტყეში ყოფნა. ამ ღამით ჰარი დაინახავს მარტორქა ცხენს, რომელიც დაჭრილია, ხოლო მის სისხლს სვამს უცნობი ფიგურა. კენტავრებისგან იგი შეიტყობს, რომ ეს ვოლდემორია.

ფილოსოფიური ქვის ძიებაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაგრიდი უხსნის ბავშვებს, როგორ ჩაუარონ ფლაფის და ისინი მიდიან დამბლდორთან, რათა თავად აუხსნან, რაც იციან. მაგრამ დამბლდორი მოხსნილია თავისი თანამდებობიდან. ბავშვები ცდილობენ ქვის გადარჩენას. ფილოსოფიური ქვის საცავში ჰარი აღმოაჩენს ქუირელს და არა სნეიპს. ქუირელი აიძულებს ჰარის, ჩაიხედოს სილივრუს სარკეში, რათა მან უთხრას, სად დევს ქვა. მაგრამ ქვა ჰარის ჯიბეში თავად ჩაუვარდება. ქუირელის კეფაზე ჩნდება ვოლდემორის სახე. იგი ცდილობს ჰარიზე იერიშის მიტანას, მაგრამ უცებ როდესაც ქუირელი ჰარის ეხებამ გასაოცარი რამ ხდება - ყველას და გასაკვირად ქვირელის გაუსაძლისი ტკივილი ეუფლება, მაგრამ ჰარისაც არ აქვს უკეთესად საქმე - რადგან ნაიარევი გაუსაძლისად სტკივა და ბოლო წამს, როდესაც ჰარი გონებას კარგავს, დამბლდორი მასთან მირბის და ჰარის იხსნის.

დამბლდორი უხსნის ჰარის, რომ დედამისი დაიღუპა შვილის დაცვის დროს. მისი სიყვარულის გამო ჰარი დაცულია ვოლდემორის მომაკვდინებელი ძალისგან. ასევე ცნობილი ხდება, რომ ფილოსოფიური ქვა განადგურებული იქნა, რათა ვოლდემორს იგი მომავალში არ აღმოეჩინა. ჰარის სურს მეტის ცოდნა, განსაკუთრებით, თუ რატომ სურდა ვოლდემორს მისი მოკვლა. მაგრამ დამბლდორი ჰპირდება ამის შესახებ საუბარს მხოლოდ იმ დროისათვის, როდესაც ჰარი გაიზრდება.

სასწავლო წლის ბოლოს ჰარის გმირად აღიარებენ, დამბლდორი კი უმატებს ქულებს ჰარის, რონს, ჰერმიონსა და ნევილს. შესაბამისად, გრიფინდორი დამსახურებულად მიიღებს ჰოგვორტსის თასს, რაც სლიზერინის ექვსწლიან გამარჯვებებს ბოლოს მოუღებს.

წარმატება და გავლენა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოცემიდან ხუთი თვის შემდეგ წიგნმა მიიღო პირველი პრიზი, „ნესტლეს“ დაწესებული. შემდგომ, თებერვალში მან მიიღო ბრიტანული წიგნების პრემია, წლის საბავშვო წიგნის კატეგორიაში და მოგვიანებით, საბავშვო წიგნის დამოუკიდებელი პრემია.

წიგნის წარმატება დღემდე გრძელდება. გავლენა ბოლო წლების კულტურაზე აშკარაა. აღსანიშნავია, რომ ისეთი წიგნებით, როგორიც არის „ჰარი პოტერი“ და „ბეჭდების მბრძანებელი“ და მათი ეკრანიზაციებით დაინტერესებამ რეჟისორებს უბიძგა ფენტეზის ჟანრის სხვა წიგნების ეკრანიზაციისკენ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]