ჰეტეროტროფული ორგანიზმები
ჰეტეროტროფული ორგანიზმები — ორგანიზმები, რომლებიც კვებისთვის იყენებენ მზა ორგანულ ნივთიერებებს. ჰეტეროტროფულ ორგანიზმებს განეკუთვნება ყველა ცხოველი, ადამიანი, აგრეთვე ზოგიერთი მცენარე (პარაზიტი მცენარეები და საპროფიტი ფარულთესლოვნები) და მიკროორგანიზმების დიდი უმრავლესობა. ორგანიზმების დაყოფა ავტო- და ჰეტეროტროფებად პირობითია, რადგან ტიპურ ავტოტროფულ ორგანიზმსაც კი შეუძლია ნიადაგიდან შეითვისოს ორგანულ ნივთიერებათა გარკვეული რაოდენობა. ჰეტეროტროფულ და ავტოტროფულ ორგანიზმთა დიფერენცირება ხდება სიცოცხლისათვის აუცილებელი ენერგიის წყაროს მიხედვით. აქედან გამომდინარე ჰეტეროტროფებს მიაკუთვნებენ ისეთ ორგანიზმებს, რომლებისთვისაც ნახშირბადის წყაროა რთული ორგანული შენაერთების (ნახშირწყალბადი, ცხიმები, ცილები) დაჟანგვა. ჰეტეროტროფები შლიან რთულ ორგანულ ნაერთებს და ახდენენ მათ მინერალიზაციას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 637.