შინაარსზე გადასვლა

ეფესოს საეკლესიო კრება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეფესოს საეკლესიო კრება
თარიღი 7 მაისი31 აგვისტო, 431
აღიარებს
წინა კრება კონსტანტინოპოლის პირველი საეკლესიო კრება
შემდეგი კრება ქალკედონის საეკლესიო კრება
მოიწვია თეოდოსი მცირე
თავმჯდომარე კირილე ალექსანდრიელი
ესწრებოდა 200 ეპისკოპოსი
საკითხები ნესტორიანელობა, ქრისტეს ორბუნებრიობა; ყოვლადწმიდა დედა — მარადქალწული და ჭეშმარიტად ღვთისმშობელი
კანონები დამტკიცდა 8 კანონი და ერთი ეპისტოლე

ეფესოს საეკლესიო კრება (მართლმადიდებლებისთვის — მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება) — მსოფლიო საეკლესიო კრება, ჩატარდა ქალაქ ეფესოში (მცირე აზია), 431 წელს, ბიზანტიის იმპერატორ თეოდოსი მცირის მოწვევით.

კრებას ესწრებოდა 200 ეპისკოპოსი. ეფესოს კრებას თავმჯდომარეობდა კირილე ალექსანდრიელი. მას ესწრებოდნენ მსოფლიო ეკლესიის ისეთი მამები, როგორებიც იყვნენ: იუბენალ იერუსალიმელი, მემნონ ეფესელი (რომის პაპი ცელესტინე, ავადმყოფობის გამო ვერ ჩავიდა, მაგრამ ლეგატები გაგზავნა) და სხვა. კრება დაინიშნა 431 წლის 7 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულისთვის, მაგრამ ნესტორის სამგზისი მოწვევის მიუხედავად, კრების სხდომებზე არ გამოცხადდა, მამებმა ნესტორის გარეშე დაიწყეს მისი სწავლების განხილვა. კრება გაიხსნა 22 ივნისს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში, რომლის შუა, ამაღლებულ ადგილას ესვენა წმიდა სახარება. კრების განხილვის საგანს შეადგენდა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის — ნესტორის აზრის უარყოფა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მარიამმა დაბადა კაცი, რომელსაც მერე შეუერთდა მადლით სიტყვა ღმრთისა, ასე, რომ, მარიამი არ იყო ღვთის მშობელიო. ნესტორს მხარს უჭერდნენ ზოგიერთი ეპისკოპოსები და მეფის დიდებულები. კრებაზე, საჯაროდ იქნა წაკითხული სარწმუნოების სიმბოლო და მისი ძველი, ნიკეური ვარიანტი. კრებამ მოისმინა კირილე ალექსანდრიელის კამათი ნესტორის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელის თხზულება. კრებამ ერთსულოვნად სცნო წმ. კირილეს მიერ მოყვანილი არგუმენტების შეთანხმებულობა ნიკეის კრების აღსარებასთან, ხოლო ნესტორის ახსნა-განმარტებანი კი მწვალებლობად და ცრუმოძღვრებად აღიარა.

კრების მონაწილე წმიდა მამათა მიერ კრებამ დამატებით მოისმინა რა საღმრთო წერილიდან დამოწმებული ადგილები ღვთის სიტყვის განხორციელების შესახებ, ერეტიკოსები დამხობილად გამოაცხადეს. კრებამ, თავისი დადგენილება, მეორე დღესვე (23 ივნისს) განუცხადა ნესტორს და წერილობით ამცნო იმპერატორს.

კრებაზე, სხვა საკითხების გვერდით გაირჩა კვიპრიელი ეპისკოპოსის — რეგინის საჩივარი იოანე ანტიოქელ ეპისკოპოსზე. ეს უკანასკნელი ცდილობდა კვიპროსის კუნძულის თავისადმი დაქვემდებარებას, მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსის ეკლესიას მოციქულთა დროიდან მართავდა დამოუკიდებელი ეპისკოპოსი, რომელიც კუნძულის ეპისკოპოსთა მიერ იყო არჩეული, რასაც, როგორც კანონიურ აქტს, განამტკიცებდა ნიკეის კრების ის დადგენილებაც, რომლის მიხედვით ყველა ეკლესიას შენარჩუნებული ჰქონდა საკუთარი უპირატესობა მართვა-გამგეობის მხრივ.

საგულისხმოა, რომ 8 ივნისს, რომლის წინა დღესაც ეფესოს კრების გახსნა იყო ნავარაუდევი, ზემოხსენებული იოანე ანტიოქიელი, შეთანხმდა კირსელ ეპისკოპოსთა ერთ ნაწილთან და ერთობა განუცხადა ნესტორს. მათ ცალკე მოიწვიეს კრება, რაზედაც კირილე ალექსანდრიელი ერეტიკოსად, ხოლო მისი კრება კი უკანონოდ გამოაცხადეს. მოხდა ისე, რომ ამ ორივე კრების დადგენილებები იმპერატორს ერთდროულად მოუვიდა. იმპერატორმა თავდაპირველად განიზრახა ნესტორისა და კირილეს პატიმრობაში აყვანა, მაგრამ მალე გაეცნო საქმის ნამდვილ ვითარებას და კირილე ალექსანდრიელის თავმჯდომარეობით ჩატარებული მსოფლიო კრების ყველა დადგენილებანი დაამტკიცა (სექტემბერში), ხოლო ნესტორი ანტიოქიის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ მონასტერში ჩაამწყვდია. ეკლესიის სახელმძღვანელოდ კრების წმიდა მამებმა გამოსცეს რვა კანონი და კირილე ალექსანდრიელის „თორმეტი ანათემატიზმი ნესტორის წინააღმდეგ“.

კრების დღესასწაული იზეიმება, სხვა ხუთ მსოფლიო კრებასთან ერთად, როგორც — ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება. დღესასწაული გარდამავალია და იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.

  • „საქართველოს საეკლესიო კალენდარი 1976 წლისა“, გვ. 105-106
  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წელი
  • "რწმენა, ღმერთები, ადამიანები - რელიგიურ ტერმინტა ლექსიკონი" თბილისი, 1990 წელი, გვ. 153

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

(XVI საუკუნე)
(XI საუკუნე)
უნია