არს ნოვა
არს ნოვა (ლათ. Ars nova - ახალი ხელოვნება), ჰუმანისტური მიმდინარეობა XIV საუკუნის ფრანგულ და იტალიურ მუსიკაში. მაღალ პროფესიულ დონემდე აამაღლა საერო ვოკალურ-ინსტრუმენტული ჟანრები, ხელი შეუწყო მათს დაახლოებას საყოფაცხოვრებო მუსიკაში, აგრეთვე ფოლკლორში გავრცელებული მაჟორული კილოს დამკვიდრებას. არს ნოვას თეორიული საფუძვლები პირველად იტალიელმა მკვლევარმა მარკეტო პადუელმა ჩამოაყალიბა (1309), XIV საუკუნის 20-იან წლებში კი ფრანგმა ჰუმანისტმა ფილიპ დე ვიტრიმ დაწერა სპეციალური ტრაქტატი "Ars nova" (აქედან - მიმდინარეობის სახელწოდება), რომელშიც ახალი ხელოვნება შუა საუკუნეების საკულტო პოლიფონიას დაუპირისპირა.
არს ნოვას თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან გილიომ დე მაშო, ჟან დე მურისი, ფრანჩესკო ლანდინო. მუსიკალური ფორმებია - რონდო, მადრიგალი, კაჩა, ბალადა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქსე, ტ. 1, გვ. 586, თბ., 1975