შინაარსზე გადასვლა

გერონტოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გერონტოლოგია (ძვ. ბერძნ. geron — მოხუცი, λόγος — სწავლება, მეცნიერება) — ხანდაზმულობისა და ასაკობრივი თავისებურებების შემსწავლელი მრავალდარგობრივი მეცნიერება.

მეცნიერების ეს დარგი წარმოშვა საუკუნეების მანძილზე დაბერების პროცესებისადმი მზარდმა ინტერესმა. ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდის ისტორიულ წყაროებში მოიპოვება მონაცემები ხანდაზმულობის საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოში. შორეული ისტორიული ფესვები აქვს ადმიანთა დაინტერესებას დაბერების პროცესებით, სიბერის გადაწევის, გაახალგაზრდავების პრომლემებით, გერიატრიული საშუალებების დამზადებით. მეფე აიეტის ქალიშვილი, კოლხი მედეა, ფლობდა ცოდნას, მცენარეული საშუალებები გამოეყენებია აღნიშნული მიზნებისათვის. მედიცინის ისტორია იცნობს შუა საუკუნეების ქართულ სამედიცინო ძეგლებს: „უსწორო კარაბადინი“ (XI საუკუნე, სვიმონ კანანელი), „წიგნი სააქიმო“ (XII საუკუნე, ხოჯა ყუფილი), „კარაბადინი“ (XV საუკუნე, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი).

გერონტოლოგიის შემადგენელი ნაწილებია:

  • გერიატრია — ასაკთან დაკავშირებულ დაავადებათა პრევენცია და მკურნალობა სამედიცინო, საექთნო და სტომატოლოგიური მიმართულებები
  • გეროჰიგიენა — სფერო, რომელიც სწავლობს მაღალი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანთა ზოგადი და სპეციალური მოვლის საკითხებს
  • გეროფსიქოლოგია — შეისწავლის ამ ჯგუფის ადამიანთა ფსიქოლოგიურ და ქცევით თავისებურებებს
  • სოციალური გერონტოლოგია — შეისწავლის სოციალური და კულტურული გარემოს ზემოქმედებას ასაკზე, ამ ზემოქმედების შედეგებს, ადამიანის და გარემოს ურთიერთქმედებას. ასევე მოიცავს სომატური და ფსიქიკური დაავადებების აღწერას, რაც ძალიან ხშირია ხანდაზმულ და მოხუც ასკში. მოიცავს დღეისათვის ისეთ აქტუალურ პრობლემებს, როგორიცაა მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერება, ძალადობა ოჯახში, სტრესი, დაბერების პროფილაქტიკა, სამედიცინო-სოციალური სამუშაო, ეთიკური პრობლემები, ამ ასაკის ადამიანების მოვლა.

ტერმინი „სოციალური გერონტოლოგია“ პირველად გამოიყენეს Tibbitts-მა და Clark-მა. ოფიციალურად დამკვიდრდა 1960 წელს. სოციალური გერონტოლოგიის ყურადღების ცენტრშია:

  1. . ადრეული პროფესიული დაბერების მიზეზები
  2. . პენსიის წინა და საპენსიო პერიოდები
  3. . ხანშიშესული და მოხუცი ადამიანების შრომისუნარიანობა, პროფესიული და სოციალური აქტიობა
  4. . მოხუცებულთა ადგილი და მდგომარეობა საზოგადოებაში
  5. . მოხუცებულთა განცდები
  6. . სოციალური პოლიტიკა ხანდაზმულებთან მიმართებაში

სიცოცხლის ხანგრძლიობა და დაბერება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხანშიშესული ადამიანების რაოდენობის აბსოლუტური და ფარდობითი მაჩვენებლები მსოფლიოში მკვეთრად იზრდება. რომის იმპერიაში ადამიანები საშუალოდ 22 წელი ცოცხლობდნენ. ამასთანავე, სიცოცხლის ხანგრძლიობის ზრდასთან ერთად, საზოგადოების ისტორიის სხვადასხვა პერიოდებში, მასზე წარმოდგენები იცვლებოდა. პითაგორა სიბერეს 60 წლიდან მიიჩნევდა, ჩინელი მეცნიერები — 70 წლიდან. გერმანელი ფიზიოლოგი მ. რუბენსი 50 წელს თვლიდა ხანდაზმულობად, 70 წელს კი — საპატიო სიბერედ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ე.წ „მესამე ასაკობრივი“ ჯგუფისათვის მიღებულია შემდეგი ასაკობრივი საზღვრები:

  • 60-74 წელი — ხანშიშესული
  • 75 წლის ზემოთ — მოხუცი
  • 90 წლის ზემოთ — დღეგრძელი

აშშ-ს კლასიფიკაციით:

  • 65-74 — „ახალგაზრდა მოხუცი“
  • 75-84 — მოხუცი
  • 85-ის ზემოთ — „ძალიან მოხუცი“

საქართველოში სხვადასხვა პროგრამებისთვის ხანდაზმულად ითვლებიან ადამიანები საპენსიო ასაკიდან, ანუ ქალები 60 წლიდან და კაცები 65 წლიდან. თუმცა, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ხანდაზმულთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვისას იყენებს 65 წლის ზღვარს.

  • გერონტოლოგიისა და გერიატრიის საფუძვლები. სასწავლო მასალა შექმნილი სს „ევექსის ჰოსპიტლებისა“ და „ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის“ მხარდაჭერით, თბ., 2022

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]