შინაარსზე გადასვლა

იუსტინე ჯანელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იუსტინე ივლიანეს ძე ჯანელიძე (დ. 1 აგვისტო [ძვ. სტ. 20 ივლისი], 1883, სამტრედია — გ. 14 იანვარი, 1950, ლენინგრადი) — ქართველი ქირურგი, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944 წ), რუსეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1936 წ), სამედიცინო სამსახურის გენერალ ლეიტენანტი, სოციალისტური შრომის გმირი (1945 წ).

იუსტინე ივლიანეს ძე ჯანელიძე 1883 წ. დაიბადა სამტრედიაში. 1903 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. 1905 წელს სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს. სწავლა განაგრძო ჟენევის უნივერსიტეტში, რომელიც 1909 წელს დაამთავრა და დაიცვა დისერტაცია სიმსივნეების თემაზე.

1910 წელს დაბრუნდა რუსეთში, ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები მოსკოვის უნივერსიტეტში და მიიღო საუკეთესო მკურნალის წოდება. 1911 წელს ჩააბარა გამოცდები პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში მედიცინის დოქტორის წოდების მოსაპოვებლად. 1911–1914 წლებში მუშაობდა პეტერბურგის ქალთა სამედიცინო ინსტიტუტში ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე.

1914 წელს გაიწვიეს რუსეთის საიმპერატორო არმიაში, სადაც მუშაობდა 141-ე სამხედრო-საველე-სანიტარული მატარებლის ჯერ უმცროს, ხოლო შემდეგ უფროს ექიმად. 1918 წელს, დემობილიზაციის შემდეგ ისევ დაბრუნდა თავის კლინიკაში და იმავე წელს გადავიდა პეტროგრადის სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიის კათედრაზე, სადაც 1921 წ. დაამტკიცეს პროფესორად და ქირურგიის კათედრის გამგედ. 1927 წელს, კონკურსის წესით აირჩიეს ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგედ და ამ თანამდებობაზე მუშაობდა 1943 წლამდე. 1939 წლიდან სამხედრო საზღვაო ფლოტის მთავარი ქირურგი იყო.

დიდი სამამულო ომის დროს მუშაობდა ბლოკადირებულ ლენინგრადში. ომის წლებში მან შეიმუშავა პარალიზებული კუნთების ანტაგონისტებით შეცვლის ორიგინალური მეთოდიკა, რასაც ოპერაციების დროს წარმატებით იყენებდა. მანვე 1943 წელს დანერგა თეძოს ამპუტირების ძვალ-პლასტიკური მეთოდი, რითაც დაჭრილებს წარმატებული პროტეზირების პერსპექტივები ეძლეოდათ.

მისი ძირითადი შრომები ეხება გულისა და სისხლძარღვების ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, გადაუდებელი და სამხედრო-საველე ქირურგიის პრობლემებს. 1913 წელს ჯანელიძემ, პირველად მსოფლიოში წარმატებით გაკერა ასწვრივი აორტის ჭრილობა. დიდი წვლილი მიუძღვის ლენინგრადის სასწრაფო დახმარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსებაში, იყო მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი სიცოცხლის ბოლომდე. მან ინსტიტუტში გახსნა პირველი სპეციალური დამწვრობის განყოფილება. ინსტიტუტის შენობაზე, რომელიც დღეს ი.ი.ჯანელიძის სახელობისაა, არის მემორიალური დაფა.[1]

ი.ი.ჯანელიძე, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ქირურგი, იყო რამდენიმე სამედიცინო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1937–1941 წლებში კი ხელმძღვანელობდა „ქირურგიის მაცნეს“. ის იყო სამხედრო მედიცინის ენციკლოპედიური ლექსიკონის „სამხედრო-საველე ქირურგიის“ განყოფილების რედაქტორი. ხელმძღვანელობდა საბჭოთა დელეგაციებს ქირურგების საკავშირო ყრილობებზე: 1936 წ. ეგვიპტეში და 1946 წ. აშშ-ში. 1946 წელს აირჩიეს ქირურგთა საკავშირო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ.

გარდაიცვალა ლენინგრადში, 1950 წლის 14 იანვარს. დაკრძალულია ვოლკოვოს სასაფლაოზე სანქტ-პეტერბურგში.

2002–2007 წლებში სანქტ-პეტერბურგში ჯანელიძის სახ. სასწრაფო დახმარების ინსტიტუტის აქტიური მონაწილეობით ტარდებოდა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციები და გამოფენები. ინსტიტუტი სანქტ-პეტერბურგისა და რუსეთის ბევრ სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად ატარებს ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

დაჯილდოებულია უმაღლესი ორდენებითა და მედლებით.

100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

  • Бронхиальные свищи огнестрельного происхождения. Государственное издательство медицинской литературы („Медгиз“). 1948
  • Собрание сочинений в 5 томах. — Москва. Государственное издательство медицинской литературы („Медгиз“). 1953–1959
  • ავალიანი, ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 539.
  • Великая Отечественная война. 1941–1945. Словарь-справочник. Кирьян М. М. 1988

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. სანქტ-ბეტერბურგის ენციკლოპედია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-30. ციტირების თარიღი: 2021-09-27.