შინაარსზე გადასვლა

ხრაპუნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.

ხრაპუნაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში ჰერეთიდან.

ერთეული ძირებია დარჩენილი ისტორიულ ჰერეთში, კახის ვენახებში.

ბოტანიკური აღწერა

ზრდასრული ფოთოლი მომრგვალოა, ძირითადად ხუთნაკვთიანი, იშვიათდ შვიდნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ჯაგრისებრად საშუალოდაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული, მხრიანი. მხარის სიგრძე ხშირად მტევნის სიგრძის მესამედამდე აღწევს. იგი მეჩხერია, იშვიათად კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, შუა წელში ოდნავ განიერი, ბოლო მომრგვალებული, მომწვანო-მოყვითალო. კანი კვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი ხორციანი და კნატუნაა, გემო — სასიამოვნო, ჯიშური არომატით.

ხრაპუნა საშუალოზე ძლიერი ზრდა-განვითარების და საშუალოზე მაღალი მოსავლიანობისაა. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 158-168 დღეა. ყურძენი სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის წონა 254-336 გრამია, ხოლო ერთი ვაზის საშუალო შემოსავლიანობა — 10 კილოგრამი. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.5-20.6%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.9-7.5 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის თეთრი მშრალი ღვინო. ღვინო ჩალისფერია, ჰარმონიული და ცქრიალა. ყურძენი გამოიყენება სასუფრედ. კარგად იტანს ტრანსპორტირებას.

ლიტერატურა

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 527