ჩხავერი
ჩხავერი, ჩხაველი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.
„ჩხა“ ვაზზე აჭრილ რამდენიმემტევნიან რქას ეწოდება. რადგანაც ჩხავერის ყურძენს მოსახლეობა საზამთროდ ასეთი აჭრილი რქებით ინახავდა, გამორიცხული არ არის, რომ ვაზს სახელწოდებაც აქედან მიეღო.
გავრცელებულია გურიაში, ასევე მცირედ ქედისსა და ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში.
წარსულში ჩხავერი ფართოდ იყო გავრცელებული გურიის მხარის თითქმის ყველა სოფელში ადგილობრივი მოსახლეობა მისგან მაღალხარისხიან ღვინოს ამზადებდა, რომელიც გამოირჩეოდა სინაზით, გემოვნებითა და ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით. გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩხავერი 14 ჰექტარზე გააშენეს და ამგვარად, გადაშენებას გადაარჩინეს. ჯიშის აღდგენის პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომის და მომრგვალო ფორმისაა, სამნაკვთიანი. ფოთლო ქვედა მხარის შებუსვა ქეჩისებრია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე მცირ. ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ ცალფრთიანი, თხელი, გვხვდება საშუალო სიკუმსის მტევნებიც. მარცვალი მუქი წითელ-ვარდისფერია, საშუალო ზომის ან საშუალოზე მცირე, თითქმის მრგვალი. კანი სქელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი საკმაოდ ხორციანი და წვნიანია, ტკბილი და სასიამოვნო გემოთი.
ჩხავერი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 201-222 დღეა, ხოლო სრულ სიმწიფეში ნოემბრის პირველი რიცხვებიდან შედის. მტევნის საშუალო წონა 135 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 5.0-5.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.5-21.0%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.1-9.6 გ/ლ-ს.
ჩხავერი მაღალხარისხიანი საღვინე ვაზის ჯიშია. მისი ყურძნისგან მზადდება სუფრისა ცქრიალა ღვინოები. დამზადებული ღვინო ღია ვარდისფერია, ნაზი და ჰარმონიული, დამახასიათებელი ჯიშური არომატით, ალკოჰოლის საკმაო შემცველობით და ოდნავ მომეტებული, მაგრავ სასიამოვნო სიმჟავით.
ჯიში ზიანდება სოკოვანი დაავადებებით, განსაკუთრებით მილდიუთი, განსაკუთრებით ზიანდება ჭრაქით და ნაცრით. ასევე, ფილოქსერის მიმართ სუსტად გამძლეა. მასზე საკმაოდ მოქმედებს ეკოლოგიური პირობებიც.
XIX საუკუნემდე მასიურად იყო გავრცელებული მაღლარების სახით თითქმის მთელ გურიაში, აგრეთვე, აჭარაში, იმერეთში, მოგვიანებით, აფხაზეთშიც. გურიის აბორიგენულ ვაზის ჯიშებს შორის ჩხავერი განსაკუთრებით გამორჩეულია, როგორც მაღალხარისხოვანი საღვინე ჯიში. ღვინო ძირითადად ღია ვარდისფერია, ნაზი, ჰარმონიული, ზომიერად ალკოჰოლიანი. ჩხავერისგან, გარდა სუფრის მშრალი ღვინისა, შეიძლება დაყენდეს ნახევრდატკბილი სუფრის ღვინო. ჩხავერის ნახევრადტკბილ ღვინო საქართველოში 1934 წლიდან იწარმოებოდა. მას სხვადასხვა კონკურსებზე და ფესტივალებზე მიღებული აქვს 1 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი. ჩხავერს ასევე იყენებენ ცქრიალა ღვინოების დასაყენებლადაც. 1929 წელს შეიქმნა სპეციალიზებული საბჭოთა მეურნეობა ბახვში და საჭამიასერში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 440
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 172.
- შარაშიძე გ., „გურიის წარსულიდან“, თბილისი, 2006. — გვ. 173-176, 178, ISBN 99940-62-66-2.