შინაარსზე გადასვლა

ლივანურა შავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლივანურა შავიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში აჭარიდან.

შავი ლივანურა არსებითად განსხვავდება თეთრი ლივანურასგან.

წარსულში ლივანურა მასობრივად ყოფილა გავრცელებული შუა და ზემო აჭარაში. ადგილობრივი მოსახლეობა მას ძირითადად სასუფრე ყურძნად მოიხმარდა, აგრეთვე ყურძნის წვენსა და ბექმეზს ამზადებდა.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, ოდნავ განივოვალური, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა ხშირქეჩისებრია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური, ზოგ შემთხვევაში უფორმო, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალოა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. თითქმის შავია, სქელკანიანი, ცვილისებრი ფიფქით დაფარული. რბილობი წვნიანი და ხორციანია, წვენი — შეუფერავი, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.

ლივანური შავი ღონიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 191 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 109-203 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 8.5-9.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.8 გ/ლ-ს.

ლივანურა შავის მტევანი და მარცვალი ხასიათდება ლამაზი გარეგნობით, სასიამოვნო გემოთი და კარგად იტანს ტრანსპორტირებას. გამოიყენება სასუფრე ყურძნად, მისგან წარმატებით შეიძლება სუფრის წითელი ღვინის დაყენებაც.

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 214