ვაზისუბნის მუსკატი
ვაზისუბნის მუსკატი — ქართული თეთრყურძნიანი სელექციური საღვინე ვაზის ჯიში.
1949 წელს გამოყვანილია ვასილ ლოლაძის მიერ თელავს საცდელ სადგურში ჯიშების — მხარგრძელისა და ალექსანდროული მუსკატის შეჯვარებით.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ღრმად დანაკვთული, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თხელი აბლაბუდისებრი და საშუალო სისქის ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მომწვანო-მოყვითალო ფერის. რბილობი საშუალო სიმკვრივისაა, ნაზი მუსკატური გემოთი.
ვაზისუბნის მუსკატი სიმწიფის საშუალო პერიოდის საფურნე-საღვინე ვაზის ჯიშია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევარში შედის. ვაზი ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია.
ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-24%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.0-7.0 გ/ლ-ს.
ჯიში პერსპექტიულია როგორც სასუფრედ, ასევე სუფრის თეთრი, მშრალი და შემაგრებული ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 545