შინაარსზე გადასვლა

თავკვერი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თავკვერი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

სახელწოდება მიღებული აქვს მარცვლის ბოლო ნაწილის კვერთან (ნაცარში გამომცხვარი მჭადი) მსგავსების გამო. თავკვერის მარცვალი შებრტყელებულ-შეზნექილია და ძალიან წააგავს კვერს.

თავკვერი ფართოდაა გავრცელებული შიდა ქართლში. აგრეოვე გავრცელებულია. აზერბაიჯანში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ღვინის მწარმოებელ ქვეყნებში.

სხვადასხვა ჯიშთან კუპაჟით თავკვერისაგან მზადდებოდა ე.წ. სამარკო ღვინოები.

თავკვერის მონაწილეობით გამოყვანილია ახალი პიბრიდული ჯიშები.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, ოვალური ფორმის, ხუთნაკვ-თიანი. ფოთლის ქვედა მხარე თითქმის შიშველია, მხოლოდ ძარღვებზეა შესამჩნევი უმნიშვნელო შებუსვა. ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მტევანი საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური ან კონუსური ფორმის, ზოგჯერ ცილინდრული. უვითარდება ერთი ან ორი ფრთა, რის გამოც რთული მტევნის შთაბეჭდილებას ტოვებს. კუმსია ან ძლიერ კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი ლურჯი, თითქმის შავი. სქელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით დაფარული. რბილობი საკმაოდ ხორციანი და წვნიანი აქვს, გემო სასიამოვნო, მოტკბო-მომჟავო.

ჯიში საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. აავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 217-228 დღეა. მტევნის საშუალო წონა 190-200 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 20.0-25.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-21%-ს, მჟავიანობა — 7.5-8.5 გ/ლ-ს.

თავკვერისგან მაღალხარისხიან ღვინოს ამზადებენ. ჯიშური და კუპაჟში გამოყენებული ღვინო ხასიათდება მსუბუქი სხეულით, საშუალო ან საშუალოზე მცირე ალკოპოლით და ოდნავ მომატებული საერთო მჟავიანობით. თავკვერისგან დგება საინტერესო წითელი და მშრალი ან ვარდისფერი ღვინო ველური ვარდისა და წითელი ხილის სურნელით. განსაკუთრებით სასიამოვნოა ახალგაზრდა ღვინო.

ნაცრისფერფოთლიანი თავკვერი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავკვერის ერთ-ერთი ვარიაციაა.

ეს ვარიაცია ამპელოგრაფიული ნიშნებით საკმაოდ განსხვავდება ჩვეულებრივი თავკვერისგან. მისი ერთწლიანი რქა უფრო მონაცრისფროა და მასზე ჯიშისთვის დამახასიათებელი მოლურჯო ზოლები თითქმის არაა გამომჟღავნებული.

ფოთოლი უფრო ნაკლებადაა დანაკვთული. ნამდვილი თავკვერის ფოთოლზე უფრო სქელია და მონაცრისფრო.

ყვავილი, მტევანი და მარცვალი ფორმითა და ზომით ჩვეულებრივი თავკვერისებურია, რბილობი უფრო წვნიანია და შაქარის დაგროვებით 1-2,5%-ით აჭარბებს ნამდვილ თავკვერს. რბილობი ჩვეულებრივ თავკვერთან შედარებით ადვილად სცილდება კანს, წიპწას კი ძნელად.

წიპწა ძალიან განსხვავდება ნამდვილი თავკვერის წიპწისგან. იგი მომწვანოა, გრძელია და აოლისებური ფორმა აქვს.

ამპელოგრაფიული მახასიათებლებით ეს ვარიაცია ნამდვილი თავკვერისგან თითქმის არ განსხვავდება[1].

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 135
  1. უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 281